რუსთავში, ერთ-ერთი მიკრორაიონის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს [photo]

2022-10-25 19:40:14

რუსთავში, მე-7ა მიკრორაიონის მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.

როგორც "ინფო რუსთავს" ერთ-ერთმა ადგილობრივმა, ნაზი შველიძემ განუცხადა, გაუმართავი საკანალიზაციო სისტემის გამო ეზოები, სარდაფები და საცხოვრებელი ბინები ფეკალიებით ევსებათ.

მათი თქმით, დახმარებისთვის მიმართეს კომპანია "რუსთავის წყალსაც", თუმცა მათგან რეაგირება არ ყოფილა.

"რაც ამ კორპუსში ვცხოვრობთ სულ ეს პრობლემა იყო. წყალკანალი ხო არ მოდის და არ მოდის, ვრეკავთ ორი კვირაა. განცხადებებიც დაწერილი გვაქვს ამ მილების რეაბილიტაციაზე, მთლიანად გამოსაცვლელია. სავსეა ჭები ფეკალიებით. ფეკალიები ამოდის ბინებშიც",- ამბობს ადგილობრივი.

"ინფო რუსთავს" იგივე პრობლემის გაშუქების მიზნით დაუკავშირდნენ თოდრიას ქუჩის მე-3 ჩიხის მცხოვრებლებიც.
მათი თქმით, დაზიანებული საკანალიზაციო სისტემის გამო მასა ეზოებში ამოდის და ანტისანიტარიასთან ერთად გაუსაძლისი სუნიც დგას.

"პატარა შვილიშვილები მყავს და ამას სუნთქავენ. ერთი კვირაა ასეთი ვითარებაა. ყველასთან დარეკეს ცხელ ხაზზე. ასე როგორ შეიძლება. ადრეც ასეთი მდგომარეობა იყო, გაწმინდეს. ახლაც გასაწმენდია, ისეთი სუნია ვერ გაჩერდები",- ამბობს ადგილობრივი.

"ინფო რუსთავი" დაუკავშირდა კომპანია "რუსთავის წყალსაც", სადაც აცხადებენ, რომ აღნიშნულ მისამართებზე მოხდება საკანალიზაციო სისტემის გაწმენდა და ქსელური დათვალიერება.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები