საჯარო სკოლების დირექტორების შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების ეტაპი დაიწყო.
როგორც განათლების სამინისტროში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება კონკურსის მეორე ეტაპი, თუმცა, პროცესი დაძრულია და შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ აღნიშნული ეტაპის დასრულების შემდეგ, რაც უახლოეს მომავალში იქნება, ქალაქში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, სრულიად განსხვავებულ სურათს ვიხილავთ.
თემასთან დაკავშირებით საინფორმაციო სააგენტო რუსთავის რესურსცენტრის ხელმძღვანელს, თამარ ხეჩიკაშვილსაც ესაუბრა, რომელმაც განგვიცხადა, რომ ამ დროისთვის, ქალქის 26-ვე საჯარო სკოლას მოვალეობის შემსრულებელი მართავს.
"რუსთავში 26 საჯარო სკოლაა და 26-ვე სკოლაში, დღეის მდგომარეობით, გახლავთ მოვალეობის შემსრულებელი დირექტორი. აბსოლუტურად ყველას ეხება იმ კონკურსში მონაწილეობის მიღება, რომელსაც გამოაცხადებს სამინისტრო", - აცხადებს ხეჩიკაშვილი.
დაზუსტებით შეუძლებელია ვთქვათ, როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა, რაც ნამდვილად ვიცით, არის ის, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, პირი, რომელიც სკოლას 2 ვადით მართავდა, იგივე დაწესებულებაში მე-3 ვადით ვეღარ დარჩება.
ამ დროისთვის, რუსთავში არსებული სკოლების დიდ ნაწილში, დირექტორის მოვალეობას სწორედ ისეთი პირი ასრულებს, რომელიც აღნიშნულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას უკვე 2 ვადით ხელმძღვანელობდა.
ესენია:
11 საჯარო სკოლა - გიორგი შეყილაძე;
21 საჯარო სკოლა - ნინო გავაშელი;
22 საჯარო სკოლა - ეკა ცხვედაძე;
25 საჯარო სკოლა- თეა ტაბატაძე;
26 საჯარო სკოლა - ბესო მოსულიშვილი;
15 საჯარო სკოლა - ბელა მარტიაშვილი;
2 სკოლა - ლალი ერქომაიშვილი;
3 სკოლა - ბექა შათირიშვილი;
4 სკოლა - მამუკა ხამხაძე;
9 სკოლა - ინგა ქურდოვანიძე;
6 სკოლა - ნაირა ქარუხნიშვილი ;
7 სკოლა - ლია ჯღარკავა.
ვინ დარჩება, ვინ წავა სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ან იქნებიან თუ არა სკოლის მიღმა დარჩენილებიც - ცნობილი უახლოეს მომავალში გახდება.
შესაძლოა, ზოგიერთ სკოლაში ისეთი ხელმძღვანელი პირი დაინიშნოს, რომელიც მანამდე დირექტორი საერთოდ არ ყოფილა.