შესაძლოა, ბევრმა თქვენგანმა არ იცის, რომ თვითნებურად საცხოვრებელი სახლის ეზოს ჩახერგვა, დასჯადია. მსგავს ფაქტს რუსთავში ძალიან ბევრ მისამართზე შეხვდებით.
როგორც "ინფო რუსთავს" მუნიციპალურ ინსპექციაში განუცხადეს, ძირითადად, იმის იდენტიფიცირება, თუ ვინ მოაწყო სატრანსპორტო საშუალებებისათვის ხელოვნური შემაფერხებლები ეზოში, ჭირს. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ეს დადგინდა, აღნიშნული კანონდარღვევისთვის ჯარიმებია გათვალისწინებული.
"საზოგადოებრივი ადგილის თვითნებურად ჩახერგვა/ჩაკეტვა გამოიწვევს ფიზიკური პირის 500, იურიდიული პირის კი 2000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას. თუ 20 დღეში არ აღმოიფხვრა პრობლემა, განმეორებით ითვალისწინებს ფიზიკური პირისათვის 3000-ლარიანი, ხოლო იურიდიული პირისთვის 4000-ლარიანი ჯარიმის გამოწერას", - აცხადებს "ინფო რუსთავთან" მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი ბაჩო ხაჩიძე.
ინფორმაციისთვის, თუ ხელოვნური ბარიერების მოწყობის პროცესში გამოყენებულია მშენებლობის ელემენტები, კანონმდებლობის მიხედვით, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირი უნდა დაჯარიმდეს 6000 ლარის ოდენობით.
გამომდინარე იქიდან, რომ დარღვევის ჩამდენი პირების იდენტიფიცირება ხშირ შემთხვევაში ვერ ხერხდება, შესაძლოა, მომავალში აღნიშნული საკითხი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მუნიციპალური ინსპექციის კოორდინირებული მუშაობით დარეგულირდეს.
აღსანიშნავია, რომ გადაუდებელი დახმარების ეკიპაჟებს, სასწრაფო-სამედიცინო დახმარებასა თუ სამაშველო სამსახურს ხელოვნური ბარიერები მოვალეობის შესრულებაში ხელს უშლის და მოქალქეებს, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ, პრობლემებს უქმნის.