რუსთავში კლდიაშვილის ქუჩაზე არსებული სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაობი თებერვალში, ცურტაველის მოედანზე, გმირთა მემორიალის მიმდებარედ არსებული სკვერის კეთილმოწყობა კი ნოემბრის თვეში უნდა დასრულდეს.
"ინფო რუსთავი" დაინტერესდა, მიმდინარეობს თუ არა რეკრაციული სივრცეების რეაბილიტაცია გეგმა-გრაფიკის მიხედვით. როგორც რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში საინფორმაციო სააგენტოს განუცხადეს, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებით ვადებში არანაირი ჩამორჩენა არ ფიქსირდება.
კლდიაშვილის სკვერის პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე არაფორმალური განათლების ცენტრი - მედიათეკაც შენდება. მოეწყობა ქვაფენილი, დასასვენებელი სკამები, გარე განათება, სარწყავი სისტემა, მცირე დენდროლოგიური ზონები, ფანჩატურები, საბავშვო და სპორტული სივრცეები, სთრით ბოლის მოედანი. ცალკე ადგილი იქნება გამოყოფილი ჭადრაკის მოყვარულთათვის და მოეწყობა შინაური ცხოველებისთვის განკუთვნილი ზონაც.
პროექტის მიხედვით, სკვერი ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. რეკრეაციის მოსაწყობად 4 299 988 ლარი დაიხარჯება.
რაც შეეხება ცურტაველის ქუჩაზე, გმირთა მემორიალის მიმდებარედ არსებულ სკვერს, პროექტის განხორციელება დასკვნით ეტაპზეა.
სკვერში მისულ მოქალაქეებს მოწყობილი დახვდებათ საფეხმავლო ბილიკები, ველობილიკი, გამწვანება და სარწყავი სისტემა. რეკრეაციაში განთავსდება დასასვენებელი სკამები. სივრცე ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 1 354 439 ლარს შეადგენს.