საქართველოს პარლამენტმა დღეს, 20 ოქტომბერს პირველი მოსმენით, 80 ხმით მხარი დაუჭირა "ზოგადი განათლების შესახებ" და "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონებში ცვლილებების პროექტებს, რომელის მიღებაც გამოწვეულია ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალური მასწავლებლების მიმართ ამჟამად არსებული საკანონმდებლო რეგულაციების დახვეწის საჭიროებიდან გამომდინარე. კანონპროექტის თანახმად, სსსმ მოსწავლეებისათვის განათლების უზრუნველყოფის მიზნით, ზუსტდება სპეციალური მასწავლებლის განათლებისთვის დადგენილი მოთხოვნები და გათვალისწინებული იქნება მეტი შესაძლო კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელსაც ექნება შესაძლებლობა,რომ სპეციალური მასწავლებელი გახდეს.
გაფართოვდება იმ პირთა წრე, რომლებსაც სპეციალურ მასწავლებლად დასაქმების უფლება მიეცემათ - ცვლილება ორ კანონში იგეგმება
"საუბარია იმაზე, რომ კანონის მოქმედი რედაქციისგან განსხვავებით, ფსიქოლოგიის ბაკალავრს ან ოკუპაციური თერაპევტის აკადემიური ხარისხის მქონე პირს ექნება შესაძლებლობა, დასაქმდეს სპეციალურ მასწავლებლად. ასევე, სპეციალური განათლების და განათლების მეცნიერების დოქტორის აკადემიური ხარისხის მოპოვების შემთხვევაში, თუკი ნაშრომი შეეხება ინკლუზიურ განათლებას. გარდა ამისა, სპეციალურ მასწავლებლად დასაქმების შესაძლებლობა ექნება ბაკალავრიატის ხარისხის მქონე პირს, თუკი იგი გაივლის სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას.
"ამ მიზნით, შემოტანილია ინიციატივა, რომ ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე და მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ სამაგისტრო-საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაში განხორციელდეს ცვლილებები და შემოტანილ იქნეს და ინტეგრირდეს მასში სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული, რაც საშუალებას მისცემს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მოამზადონ კადრები, რომლებსაც იმავდროულად ექნებათ სპეციალური მასწავლებლობის უფლება და შესაბამისი კვალიფიკაცია", - განაცხადა 19 ოქტომბერს, პარლამენტში კანონპროექტის წარდგენისას განათლების მინისტრის მოადგილემ.
რაც შეეხება სავალდებულო გამოცდის ჩაბარების საკითხს და ამ ვალდებულების მქონე პირთა წრეს, ვალერიან გობრონიძემ განმარტა, რომ მოქმედ პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ კომპეტენციები დაადასტურონ 2025 წლის პირველ იანვრამდე.
ასევე, 2018 წლის 10 აგვისტომდე დასაქმებულ სპეციალურ მასწავლებლებს, პედაგოგებს, ფსიქოლოგებს, ინკლუზიური განათლების კოორდინატორებს, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ კანონის მოქმედი რედაქციით სპეციალური მასწავლებლისთვის დადგენილ მოთხოვნებს, ისინი აღიარებული იქნებიან პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლებად და მათაც შესაძლებლობა ექნებათ, რომ 2025 წლის პირველ იანვრამდე ჩააბარონ სპეციალური მასწავლებლის გამოცდა.
გამოცდის ჩაბარება მოუწევს იმ პირსაც, ვინც სამომავლოდ შემუშავებულ სპეცმასწავლებლის მომზადების პრიგრამას გაივლის. კერძოდ, მინისტრის მოადგილის თქმით, შემუშავდება უმაღლესი საგანმანათლებლო 60 კრედიტიანი პროგრამა სპეციალური მასწავლებლის მომზადებისათვის, რომლის გავლის უფლება ექნებათ არანაკლებ ბაკალავრის და მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელიც ჩააბარებს საბაზისო პროფესიული უნარების გამოცდას, რაც იქნება ამ პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობა.
სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაზე გადასვლა კანონპროექტში ასე გაიწერა:
2018 წლის 10 აგვისტომდე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული სპეციალური პედაგოგი/სპეციალური მასწავლებელი, ფსიქოლოგი და ინკლუზიური განათლების კოორდინატორი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ კანონის 213 მუხლის მე-3 პუნქტით სპეციალური მასწავლებლის განათლებისათვის დადგენილ მოთხოვნებს, ჩაითვალოს პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლად.
პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებელი ვალდებულია კომპეტენციის დადასტურების მიზნით 2025 წლის 1 იანვრამდე ჩააბაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა.
პირს, რომელსაც აქვს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) უფლება აქვს დასაქმდეს პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლად და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა ჩააბაროს აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში, არაუგვიანეს 2025 წლის 1 იანვრისა.
პირს, რომელსაც აქვს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით ან სულ მცირე ფსიქოლოგის ბაკალავრის ან ოკუპაციური თერაპევტის აკადემიური ხარისხი უფლება აქვს დასაქმდეს პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლად და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა ჩააბაროს აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში, არაუგვიანეს 2025 წლის 1 იანვრისა.
წყარო: edu.aris.ge