"აუციელებელია, ყველას მივცეთ გონივრული ვადა" [video]

2022-10-20 18:33:41

"ბოლო პერიოდში ჩვენ არაერთ საწარმოში მოგვიწია საწარმოო პროცესის შეჩერება და თუ ამის აუცილებლობა დადგება, რა თქმა უნდა, იძულებულები ვიქნებით, ეს გავაკეთოთ. თუმცა ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებებით აქტიურად ვმუშაბთ, კომპანიები გვეთანამშრომლებიან და აუცილებელია, ყველას მივცეთ გონივრული ვადა, რომ ეს ინვესტიციები განახორციელონ", - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ "ინფო რუსთავის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

შამუგია რუსთავში, ერთ-ერთ საწარმოში გამართულ ღონისძიებას დაესწრო, სადაც ვკითხეთ, არიან თუ არა ისეთი კომპანიები ქალაქში, რომელთაც გამკაცრებულ გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოსვლა ჯერ კიდევ არ დაუწყიათ და იქნება თუ არა მათ მიმართ უწყება უკომპრომისო.

როგორც მინისტრმა განაცხადა, ჯერჯერობით, თვითმონიტორინგის სისტემაში 13 საწარმო ჩაერთო.

"ჩვენ გვქონდა არაერთი შეხვედრა საწარმოებთან, მათთან ერთად შევიმუშავეთ გეგმა, თუ როგორ განახორციელებენ ისინი კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულებას, რა ვადებში და როდის იქნება ეს ყველაფერი ბოლომდე შესრულებული. ჩვენ ამ პოცესს მუდმივ რეჟიმში ვაკვირდებით და შეთანხმებული გეგმა-გრაფიკის მიხედვით აღებული ვალდებულებების შესრულებას ძალიან მკაცრად გავაკონტროლებთ.

13-მდე საწარმო, მათ შორის მსხვილი საწარმოები უკვე არიან ჩართული თვითმონიტორინგის სისტემაში და ეს მისასალმებელია. რა თქმა უნდა, ისინი, ვინც არ გვეთანამშრომლებიან ამ კუთხით, მათ მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები გატარდება და თქვენ ნახეთ, რომ ბოლო პერიოდში, ჩვენ არაერთ საწარმოში მოგვიწია საწარმოო პროცესის შეჩერება და თუ ამის აუცილებლობა დადგება, რა თქმა უნდა, იძულებულები ვიქნებით, ეს გავაკეთოთ. თუმცა ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებებით აქტიურად ვმუშაბთ, კომპანიები გვეთანამშრომლებიან და აუცილებელია, ყველას მივცეთ გონივრული ვადა, რომ ეს ინვესტიციები განახორციელონ, ვინაიდან, იცით, რომ ეს არ არის მცირე თანხებთან დაკავშირებული. მთავარია, რომ ყველა საწარმო პასუხისმგებლობით მოეკიდოს ამ საკითხს და განახორციელოს გეგმის მიხედვით გათვალისწინებული ღონისძიებები", - განაცხადა შამუგიამ.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები