რუსთავში ძუძუსა და საშვილოსნოს კიბოს უფასო სკრინინგი ჩატარდება

2022-10-13 14:30:11

24-25 ოქტომბერს რუსთავში ძუძუსა და საშვილოსნოს კიბოს უფასო სკრინინგი ჩატარდება. სკრინინგი "ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით ტარდება.

როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელმა, მარი ლიპარტელიანმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, 24-25 ოქტომბერს "კლინიკა რუსთავის" ეზოში სპეციალურად აღჭურვილი მამომობილი იქნება განთავსებული, სადაც ქალებს ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოზე უფასოდ შეამოწმებენ.

"კლინიკა რუსთავის ეზოში ჩამოიყვანენ მამომობილს, ეს არის სპეციალური აღჭურვილობის მქონე ავტომობილი, სადაც ეროვნული სკრინინგ ცენტრის სპეციალისტები იმუშავებენ. იქნება ძუძუს კიბოს სკრინინგი 40-70 წლის ქალბატონებისთვის და ასევე საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი 25-60 წლის ქალებისთვის. კლინიკა რუსთავი არის პარტნიორი ორგანიზაცია. 24-25 ოქტომბერს მამომობილი სამედიცინო დაწესებულების ეზოში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე იქნება განთავსებული", - განაცხადა მარი ლიპარტელიანმა.

აღსანიშნავია, რომ შემოწმების ჩასატარებლად წინასწარ ჩაწერაა საჭირო. ჩაწერისთვის დარეკეთ ნომერზე - 0341250115.

უფასო სკრინინგი რუსთავში კამპანია "ვარდისფერი ოქტომბრის" ფარგლებში ტარდება.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები