რუსთავში მე-7 მოწვევის საკრებულოს სხდომა ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა.
27 ივლის საკრებულოს სხდომაზე აპარატის ხელმძღვანელმა არჩილ ძამაშვილმა განაცხადა, რომ მასზე და აპარატის სხვა თანამშრომლებზე მიმდინარეობდა ზეწოლა. სწორედ ამ ფაქტების შესასწავლად ფრაქციების მხრიდან მოხდა სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციირება.
დეპუტატები ერთმანეთს სამუშაო ჯგუფის სახელწოდებასთან დაკავშირებით დაუპურისპირდნენ, რის გამოც საკრებულოს თავმჯდომარემ 15 წუთიანი შესვენება გამოაცხადა.
ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრები აცხადებენ, რომ სამუშაო ჯგუფის მუშაობაში მიიღებენ მონაწილეობას, თუკი მას საკრებულოს აპარატის თანამშრომელთა შესაძლო დისკრიმინაციისა და შევიწროების ფაქტების შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფი დაერქმევა.
"თავიდანვე ცხადი რომ იყოს ვიტყვი, ივლისის ბოლოს საკრებულოს სხდომაზე ცნობილი გახდა აპარატის ხელმძღვანელის მხრიდან, რომ საკრებულოს აპარატის თანამშრომლების მიმართ ხორციელდება ზეწოლა საკრებულოს თავმჯდომარის მხრიდან. ამ კონკრეტული ფაქტების შესწავლის მიზნით ფრაქციამ მოახდინა კონკრეტული რეაგირება. ამ ეტაპზე ფრაქციების მხრიდან შემოსულია ინიციატივა, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი. მაგრამ საინტერესოა, რომ გახარიასა და ნაციონალური მოძრაობის გვთავაზობენ სამუშაო ჯგუფს დაერქვას აპარატის თანამშრომლების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი, თუმცა თავიდანვე არის აბსურდული იდეა, რადგან საკრებულოს აპარატის თანამშრომლების შემსწავლელი ფუნქცია დებულებით ეკისრება საკრებულოს აპარატს, შესაბამისად, დუბლირებული ფუნქციით, რაღაცა სამუშაო ჯგუფს საკრებულოს წევრები ვერ შექმნიან, ეს არის აბსურდი არარეალური. ეს უფრო გამოდის თვალებში ნაცრის შეყრა საკრებულოს აპარატისთვის, ჩვენი დეფინიციით, საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი გუნდის მხრიდან, ვინაიდან სწორედ მათ მიმართ აქვთ აპარატის თანამშრომლებს პრეტენზიები შევიწროებასთან დაკავშირებით...",- განაცხადა ლიპარტელიანმა.
ფრაქცია "რუსთავი საქართველოსთვის" თავმჯდომარის, ნათია შელეგიას განცხადებით კი, სამუშაო ჯგუფს ქართული ოცნების დეპუტატების მიერ შეთავაზებული სახელი ვერ დაერქმევა, რადგან ჯგუფი გადაწყვეტილებაუნარიანი სუბიექტი არ არის, ის ვერ დაადგენს დისკრიმინაციის ფაქტს.
"სამუშაო ჯგუფს არ აქვს უფლება-მოსილება ფაქტი დაადგინოს და დაადასტუროს. ჯგუფმა შესაძლოა მოისმინოს და შესაბამისი რეაგირება განახორციელოს, პირობითად გადაუგზავნოს შესაბამის უწყებას, რომელმაც უნდა მოიკვლიოს ეს საკითხი. გააჩნია რა საკითხი გამოიკვეთება. აქედან გამომდინარე ამის გამოკვეთის შესაძლებლობა აქვს სამუშაო ჯგუფს, თორემ გადაწყვეტილებაუნარიანი სუბიექტი არ არის, ის ვერ დაადგენს დისკრიმინაციის ფაქტს, ვერ შეაფასებს და ვერ დაარქმევს, რომ ეს არის დისკრიმინაცია თუ არ არის.
სახელწოდებაზე სამუშაოა, პირობითად, მე შევთავაზე საკრებულოს აპარატს, რომ გაეზიარებინათ მათი მოსაზრება, რა უნდოდათ, რომ ამ სამუშაო ჯგუფს დავარქვათ. თუმცა დღეს რაც წარმოადგინა ფრაქცია ქართულმა ოცნებამ დისკრიმინაციისა და შესაძლო ზეწოლის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი, კანონით არ აქვს უფლებამოსილება ჩვენ ამ სახელწოდების ფორმატში ჩვენ საკრებულოს ფრაქციის წევრებმა მოვისმინოთ ეს ამბავი, რადგან ფაქტს ვერ დავადასტურებთ, იყო ზეწოლა თუ არა. ჩვენ უბრალოდ მოვისმენთ, გავიზიარებთ, ყველა მხარეს მოვუსმენთ. აქ არ არის მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარესთან პრეტენზია. არიან საკრებულოს აპარატის თანამშრომლები, რომლებიც ამბობენ, რომ ზეწოლა არის აპარატის უფროსისგან და საუბრობენ, რომ ქართული ოცნების პარტიაში იბარებენ და ზეწოლას ახორციელებ. ამიტომ არ არის მხოლოდ ერთი მიმართულებით განსახილველი საკითხი, კომპლექსურია",- განაცხადა ნათია შელეგიამ.
ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნანა შატბერაშვილის თქმითაც, სამუშაო ჯგუფს ქართული ოცნებისა და აპარატის მიერ შემოთავაზებული სახელი ვერ დაერქმევა.
"ქართული ოცნებისა და აპარატის მიერ შემოთავაზებული სახელწოდება უბრალოდ არ იქნება, რადგან დისკრიმინაციის ფაქტებს ჩვენ ვერ გამოვიძიებთ და შედეგს ვერ დავაყენებთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვთვლით, რომ ეს სახელწოდება არ უნდა იყოს. სხვა დანარჩენ პროცედურულ საკითხში შეიძლებოდა დღესვე ამ ჯგუფის დამტკიცება, თუმცა უფრო სადავო რომ არ გახდეს პროცედურულ ნაწილში და უფრო მეტად დახვეწილი იყოს გადავდეთ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემდეგ სხდომაზე პროცედურების დაცვით იქნება შემოტანილი",- განაცხადა შატბერაშვილმა.