რუსთავში თითქმის ოთხ თვეა ცენტრალური შემოსასვლელისა და სამი მთავარი მოედნის, თამარ მეფის სახელობის, ჟიული შარტავას სახელობისა და შოთა რუსთაველის სახელობის, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთაველები დაუკავშირდნენ და სთხოვეს, გაერკვია, როდის დასრულდება აღნიშნულ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები.
როგორც "ინფო რუსთავს" სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის, "შპს ენკოს" დირექტორმა, ავთანდილ ბედიაშვილმა განუცხადა, რეაბილიტაციის ძირითადი ნაწილი 2-3 კვირაში დასრულდება.
"ვადაზე ადრე მოვრჩებით ჩვენ. უბრალოდ იყო გაუთვალისწინებელი სირთულეები. იყო საფუძველში წლების განმავლობაში დაგროვებული გაუთვალისწინებელი პრობლემები, რამაც გამოიწვია სამუშაოების ასეთი შეყოვნება. უკვე აღმოფხვრილია, მიმდინარეობს მასალის შეტანა, ჩვენი ვარაუდით 2-3 კვირა უნდა იყოს საკმარისი, რომ ძირითადი სამუშაოები დასრულდეს, რომელიც მოსახლეობის დისკომფორტის უდიდეს ნაწილს მოხსნის",- განაცხადა ბედიაშვილმა.