რუსთავში პირველად, გმირთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე ღია საგამოფენო სივრცე გაიხსნა.
სპეციალურად ხელოვანი ადამიანებისთვის შექმნილი რეკრეაცია, ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.
"იცით, რომ ჩვენ ორიენტირებულები ვართ, რაც შეიძლება მეტი რეკრეაციული სივრცე განვაახლოთ ან მოვაწყოთ ახალი, თუმცა კიდევ დამატებით გვინდოდა, რომ ჰქონოდა დატვირთვა და ეს დატვირთვა არის ღია საგამოფენო სივრცის, რომელიც დარწმუნებული ვარ, ახალ შესაძლებლობას მისცემს ძალიან ბევრ ხელოვან ადამიანს და ჩვენ, რუსთაველებს მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ დავტკბეთ მათი ნამუშევრებით", - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
საგამოფენო სივრცე, რომელმაც პირველად უმასპინძლა მხატვრებს, დღეიდან, ნებისმიერი რუსთაველი ხელოვანისთვის, ფერწერული ტილოების, ხელნაკეთი ნივთების თუ სკულპტურული ნამუშევრების გამოფენის ახალი შესაძლებლობა იქნება.
რეკრეაციულ ზონაში საფეხმავლო ბილიკების, მწვანე სივრცეების, სარწყავი სისტემის, გარე განათების და დასასვენებელი ზონების გარდა, გამოფენის მოსაწყობად საჭირო მონოლითური რკინა-ბეტონის კონსტრუქციები და ტენტით გადახურული სტენდებია მოწყობილი.
ტერიტორია უზრუნველყოფილი იქნება უფასო ინტერნეტით, ვანდალიზმის ფაქტების პრევენციის მიზნით, კი საგამოფენო სივრცე, ვიდეო კამერებით გაკონტროლდება.
საგამოფენო სივრცის მოსაწყობად 334 439 ლარი დაიხარჯა.