სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რუსთავშია. ვაქცინაციის პროცესი 21 სექტემბრიდან დაიწყო.
როგორც "ინფო რუსთავს" რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით იშხნელმა განუცხადა, რუსთავს სეზონური გრიპის 3000-მდე ვაქცინა გადაეცა, რომელიც მუნიციპალიტეტში არსებულ დიაგნოსტიკურ ცენტრებში უკვე გადანაწილებულია.
"დიდი ნაწილი გაიხარჯა, თუმცა მარაგი არის. პრობლემა არ გვექნება. პერიოდულად მოხდება შევსება და გაცემა სამედიცინო დაწესებულბებში", - აცხადებს დავით იშხნელი.
ვაქცინაცია, პირველ რიგში, ხელმისაწვდომი რისკჯგუფებისთვის იქნება.
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასოდ ხელმისაწვდომია C ჰეპატიტის, დიაბეტის, თირკმლის უკმარისობის მქონე და შიდსის მატარებელი ადამიანებისთვის, ორსულებისთვის, მოხუცთა თავშესაფრისა და ბავშვთა საოჯახო ტიპის ბენეფიციართათვის, ასევე მათი მომვლელებისთვის. ვაქცინაცია უფასოა სამედიცინო პერსონალისთვის. იმ ბენეფიციართა კატეგორიას, რომლებსაც ვაქცინაციით სარგებლობა უფასოდ შეუძლია, უკვე 2 წელია დაემატა საბავშვო ბაღებში დასაქმებული პერსონალი.
ქვეყანაში 4-კომპონენტიანი მაღალეფექტიანი ვაქცინების 200 ათასი დოზა შემოვიდა. მისი მიზანია, რისკების მქონე ადამიანები გრიპის ცირკულაციის დაწყებას მომზადებული შეხვდნენ და ამასთან, თავიდან ავიცილოთ ვირუსის შემთხვევები.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, გრიპის ვირუსი ამ ეტაპზე არ ცირკულირებს, თუმცა არის ადენოვირუსები, რინო და სხვა რესპირაციული ვირუსები. მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა ვაქცინა დროულად გაიკეთონ, რადგან იმუნიტეტის გამომუშავებას გარკვეული დრო სჭირდება.
რაც შეეხება რისკჯგუფებში არ მყოფ მოქალაქეებს, რომლებსაც ფასიანი ვაქცინის გაკეთება სურთ, ფასიანი ვაქცინის ფასი ამ სეზონზე 80 ლარია.