რუსთავის ბაგა-ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დაიწყო.
აღსაზრდელების მიღება მოხდა ახალ #44-ე საბავშვო ბაღში, რომლის მშენებლობაც გაზაფხულზე დასრულდა. ევროსტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი 150 ბავშვზეა გათვლილი და ყველა საჭირო ინვენტარითაა აღჭურვილი.
ახალი ბაგა-ბაღი, ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ, ქვემო ქართლის გუბერნატორ გიორგი დოხტურიშვილთან და რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად დაათვალიერა.
როგორც რუსთავის მერმა განაცხადა, არსებული სკოლამდელი დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და ახალი ბაგა-ბაღების მშენებლობის მიზნით, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, შემუშავებულია კონკრეტული გეგმა.
,,რუსთავის მერიის გუნდს, ცენტრალურ მთავრობასთან ერთად, საბავშვო ბაღებში არსებული მდგომარეობის გამოსწორებისა და გაუმჯობესების კონკრეტული გეგმა გვაქვს. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ქალაქში არსებული ყველა ბაგა-ბაღი გახდეს ისეთი, როგორიც ეს ახალი ბაღია, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და ყველა იმ ინფრასტრუქტურით აღჭურვილი, რომელიც ჩვენი პატარებისთვის არის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი დოხტურიშვილის განცხადებით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს იმისთვის, რომ რუსთავში ყველა ბაღს ჩაუტარდეს რეაბილიტაცია და ასევე მოხდეს ახალი ბაღების მშენებლობა.
,,ბაგა-ბაღებში სასწავლო სააღმზრდელო პროცესი დაიწყო, ჩვენ დღეს ვიმყოფებით რუსთავში, სადაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით აშენდა ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი, რომელიც მართლაც შთამბეჭდავია. ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ რუსთავში სრულად მოხდეს ბაგა-ბაღების რეაბილიტაცია და ახლის მშენებლობა“, - განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.
სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების 21 ფილიალში კოვიდრეგულაციების სრული დაცვით დღეიდან განახლდა. ჯამში, რუსთავის ბაღებში 6 200 აღსაზრდელი ჩაირიცხა.
ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.