რუსთვში არსებულ კერძო სკოლა "რეცას" ავტორიზაცია შეუჩერდა. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 სექტემბრიდან სკოლა უნდა დაიხუროს.
"რეცასთან" მოსწავლეები, მშობლები და თანამშრომლები შეიკრიბნენ, ისინი სამინისტროსგან მოითხოვენ, გადაწყვეტილება გადაიხედოს და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას არსებობის საშუალება მიეცეს.
"ყოფილი რეცელი ვარ და ასევე შვილი მყავს რეცელი. რეცა ძალიან ბევრს ნიშნავს - დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, ჰუმანურობას და იმ ადამიანურ საწყისებს, რასაც ნამდვილად იძლევა ეს სკოლა და ვერ მივიღებდი საჯარო სკოლაში. ამ სკოლამ თითოეულ ჩვენგანს გვასწავლა სიყვარული, ურთიერთობები და თავმდაბლობა. მე არ ვფიქრობ, რომ უნდა დაიხუროს, შესაძლოა, იყოს რაღაც პრობლემები და ცხადია, ჩვენ, ყველა ყოფილი რეცელი ვიზრუნებთ ამ პრობლემების უმოკლეს ვადებში მოგვარებაზე, თუმცა კატეგრიული მოთხოვნა თუ იქნება განათლების სამინისტროს მხრიდან, ეს სკოლა ვერ დაიხურება და არ უნდა დაიხუროს იმიტომ, რომ ამ სკოლას აქვს არსებობის უფლება და იმის უფლება, რომ ანათოს ისე, როგორც აქამდე უნათებია. რეცამ უნდა გააგრძელოს ჩვეულ რეჟიმში მუშაობა და ცხადია, ის პატარა პრობლემები, რომელიც სინამდვილეში ყველა სკოლას აქვს, ერთიანად უნდა მოვაგვაროთ და სახელმწიფოს ინტერესიც უნდა იყოს, რომ მსგავსი ტიპის ალტერნატივები არსებობდეს, რადგან თუ რაღაცის არჩევანი არ გვაქვს, რეცა არის ეს არჩევანი ზუსტად", - აცხადებს ნიკოლოზ მუსრიძე.
"ინფო რუსთავმა" სცადა სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსაც გასაუბრებოდა, თუმცა ადმინისტრაციის წევრებმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს.
საინფორმაციო სააგენტო საკითხთან დაკავშირებით ოფიციალურ კომენტარს განათლების სამინისტროსგან ელოდება.