რუსთავის შემოგარენში საწარმოებს საქმიანობა შეუჩერდათ

2022-09-09 12:16:42
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში მოქმედ გაჯის საწარმოებს საქმიანობის განხორციელების უფლება, დარღვევების გამოსწორებამდე შეუჩერა.
კომპანიებში სამართალდარღვევები ჯერ კიდევ ივლისის თვეში გამოვლინდა.
ინსპექტირებით დადგინდა, რომ შპს „სამგორი ველი“ საქმიანობას აირმტვერდამჭერი მოწყობილობების გარეშე, ხოლო შპს „დენმარკი“ - სკრინინგის გადაწყვეტილების გარეშე ახორციელებდა.

„საჯარიმო სანქციებისა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მხრიდან ინტენსიური შემოწმების მიუხედავად, გარდაბნის მუნიციპალიტეტში განთავსებული გაჯის საწარმოები არ მოექცნენ საკანონმდებლო ჩარჩოებში. შესაბამისად, კომპანიებს საქმიანობის განხორციელების უფლება დარღვევების გამოსწორებამდე შეუჩერდათ“, - განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, ლევან ჯღარკავამ.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები, შემდგომი განხილვის მიზნით, გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში გადაიგზავნა.