პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე გარდაბნის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულებს 19-19 წლით თავისუფლება მიესაჯათ რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბნის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარებისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე სამი პირი დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 20 დეკემბერს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაკლიაში, ბრალდებულებმა კონფლიქტური და დაძაბული ურთიერთობის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ავტომანქანაში მყოფ თანასოფლელის მიმართულებით ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სროლის შედეგად მიღებული დაზიანებებით დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო შემთხვევის ადგილზე მყოფი კიდევ ერთი პირი შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს. სამართალდამცველებმა ბრალდებულები 21 დეკემბერს დააკავეს. მათ ბრალდება ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად შეძენა, შენახვა, ტარების და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე წარედგინათ. სასამართლომ სამივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თითოეულს 19 -19 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.