„რუსთავის აზოტში“ ინსპექტირებისას დარღვევები გამოვლინდა

2022-08-30 11:00:57

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სს „რუსთავის აზოტში“ ადმინისტრაციული მიწერილობით დადგენილი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის ინსპექტირება განახორციელეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, ჩატარებული ინსპექტირების შედეგად გამოიკვეთა, რომ კომპანიის მიერ გარკვეული ვალდებულებები შესრულებული არ არის, მათ შორის, გამოვლინდა არაორგანიზებული გაფრქვევისა და ნარჩენების მართვის კოდექსის მოთხოვნების დარღვევის ფაქტები.

"ინსპექტირების პროცესი გრძელდება. საწარმოს მიმართ დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება, მიმდინარეობს დოკუმენტაციის შესწავლა და კანონით განსაზღვრული შესაბამისი რეაგირება გატარდება.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიწერილობით, კომპანია ვალდებული იყო საქმიანობა გარემოსდაცვითი გადაწყვეტლების პირობების დაცვით განეხორციელებინა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.