საპროტესტო აქცია "რუსთავის წყალთან" [video]

2022-08-29 19:43:39

რუსთავში კომპანია "რუსთავის წყალთან" საპროტესტო აქცია გაიმართა.

კომპანიასთან მისული რუსთაველები ბოლო პერიოდში ქალაქში წყლის მიწოდების ხშირად შეწყვეტას აპროტესტებდნენ.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" აქციის ორგანიზატორმა, ნინო ადიკაშვილმა განუცხადა, მათ კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა სურდათ, რათა გაეგოთ, როდის მოგვარდება ქალაქში წყალთან დაკავშირებული პრობლემა, თუმცა შეხვედრაზე ადმინისტრაციისგან უარი მიიღეს.

"დღევანდელი ჩვენი შეკრების მიზეზი რუსთავში წლების განმავლობაში არსებული წყლის მიწოდების პრობლემა. მოვითხოვთ, აღმოიფხვრას ეს პრობლემა. თუ არის მთავარი მილები შესაცვლელი, შეიცვალოს, თუ არადა მოიფიქრონ რაიმე ალტერნატივა, რაც გადაჭრის ამ პრობლემას და რუსთაველებს მოაგვარებს წყლით.

განცხადება შევიტანე რუსთავის წყლის სახელზე და მოვითხოვე ადმინისტრაციასთან შეხვედრა, რაზეც მივიღე მტკიცე უარი, მითხრეს რომ არ გვაქვს შეხვედრის საათები და ვერ შეგხვდებითო. შემდეგი ჩვენი ნაბიჯები იქნება, ის რომ სასამართლოში შევიტანთ სარჩელს და სემეკის სახელზე გავგზავნით განცხადებას",- განაცხადა ნინო ადიკაშვილმა.

ნინო ადიკაშვილის თქმითვე, ხვალ 4 საათზე აპირებენ მერიაში მისვლას, რათა საკრებულოს წევრებსა და მერს შეხვდნენ.




ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები