რუსთავში ახალი ლიფტი დააზიანეს

2022-08-23 19:27:12

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალი ლიფტი დააზიანეს.

მონგრეულია ლიფტის ერთ-ერთი კარი, სარკესთან არსებული რკინის მოაჯირი და დაზიანებულია ლიფტის ჭერი.

რუსთავის მერის მოადგილის ბესიკ ტოგონიძის განცხადებით,  ბოლო პერიოდში ვანდალიზმის ფაქტი 5 ერთეულ ლიფტზე ფიქსირდება.

ტოგონიძე მოუწოდებს მოსახლეობას, რომ თავიანთ საკუთრებას გაუფრთხილდნენ.

"რუსთავში ერთ-ერთი გამოწვევა და დიდი პრობლემა არის ამორტიზებული ლიფტები. ჩვენ დავიწყეთ ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯების გადადგმა  მთავრობასთან თანამშრომლობით და გასულ წელს დავიწყეთ ლიფტების რეაბილიტაცია. იმ ფარგლებში, რაც გულისხმობს მეგობრობის გამზირის ურბანულ განახლების სამთავრობო პროგრამას, ყველა კორპუსში იცვლება ლიფტი, საუბარია 80 ერთეულზე.

სამწუხაროა, რომ ხდება სხვადასხვა ვანდალური ფაქტები. ასევე მუნიციპალიტეტს წლევანდელ ბიუჯეტში გათვალისწინებული ჰქონდა ლიფტების რეაბილიტაციისა და მოვლა-პატრონობის ახალი პროგრამა, რომლის ღირებულებაც 3 000 000 მილიონი ლარი. ამ პროგრამის ფარგლებში ხდება, როგორც ლიფტების მოვლა-პატრონობა, ასევე მისი რეაბილიტაცია და 40 ლიფტია უკვე რეაბილიტირებული.

ეს ლიფტები, მინდა მოგახსენოთ, რომ არის მოსახლეობის საკუთრება და მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს ამ საკუთრების ახლით ჩანაცვლებისა და რეაბილიტაცია. ამიტომ მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ თავიანთ საკუთრებას გაუფრთხილდნენ, საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, როგორც აღვნიშნე. მუნიციპალიტეტი მომავალშიც აპირებს ამ პროგრამის გაგრძელებას, მაგრამ ურთიერთთანამშრომლობისა და გაკეთებულის ერთად მოფრთხილების გარეშე არ გამოგვივა ეს საქმე.

ბოლო პერიოდში, რაც მე მაქვს ინფორმაცია, ვანდალიზმის ფაქტი მოხდა 5 ერთეულ ლიფტზე, თუმცა არის ნაწილების მოპარვაც",- განაცხადა ბესიკ ტოგონიძემ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები