რუსთავში კაცმა ქალზე სექსუალურად და ფიზიკურად იძალადა [video]

2022-08-24 00:01:10

რუსთავში 40 წლამდე მამაკაცმა, გ.ხ-მ ქალზე ფიზიკურად და სექსუალურად იძალადა. [ვიდეო/video]

კაცს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, მაია შოშიაშვილის გადაწყვეტილებით, აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

როგორც საქმის პროკურორი, თინათინ სტურუა აცხადებს, დაზარალებულ ქალზე 2 თვის განმავლობაში ინტენსიურად ხდებოდა სექსუალური, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა.

პროკურორის ინფორმაციითვე, ბრალდებული დაზარალებულს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო ჩანაწერების გასაჯაროებით ემუქრებოდა.

"2022 წლის 21 აგვისტოს ბრალდების მხარემ რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით ბრალდებულის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით.

ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არსებობდა აღმკვეთი ღონისძიების გამოყენების როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძვლები. რაც შეეხება ფაქტობრივ საფუძვლებს, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია მოწმეთა გამოკითხვის, მათ შორის დაზარალებულის გამოკითხვის ოქმები.

წარმოდგენილია ვიდეო ჩანაწერების დათვალიერების ოქმები, ასევე დაზარალებულის სამედიცინო დოკუმენტაცია და მიგვაჩნია, რომ აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა ამ ეტაპზე ქმნიდა აღმკვეთი ღონისძიების გამოყენების ფაქტობრივ საფუძვლებს. ფორმალური საფუძვლებიდან ბრალდების მხარეს მიაჩნდა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე არსებობდა მტკიცებულების განადგურების საფრთხე, მოწმეებზე ზემოქმედების გზით, ასევე დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელებისა და მიმალვის საფრთხეები. სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა და ბრალდებულის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებულია პატიმრობა.

დაზარალებულზე ზემოქმედება იკვეთებოდა ბრალდებულის გარემოცვიდან, რაც ამ ეტაპზე დგინდება.

დაზარალებულზე ხორციელდებოდა როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ძალადობა. რაც შეეხება დაზიანებებს, სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად დაზიანებები აღენიშნებოდა, თუმცა რა ტიპის და რა ხარისხის ამას ექსპერტიზა დაადგენს.

არის ძალადობის ამსახველი და მათ შორის დამატებით გვაქვს მოსაპოვებელი მტკიცებულება, იმ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო ჩანაწერის შესახებ, რომლის გასაჯაროებითაც ემუქრებოდა დაზარალებულს ბრალდებული",- განაცხადა სტურუამ.

ბრალდებულის უფლებადამცველის მაგდა მარგიანის განცხადებით, კაცი დანაშაულს არ აღიარებს და დეტალებზე საუბარი არ სურთ.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 20 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), 139-ე მუხლით (სქესობრივი კავშირის იძულება), 150-ე მუხლით (იძულება) და 363-ე მუხლით (მნიშვნელოვანი პირადი დოკუმენტის გატაცება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები