მიმდინარე წლის ივლისში საქართველომ საერთაშორისო ვიზიტორებისგან 476.1 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც თითქმის 81 მლნ დოლარით აღემატება პანდემიამდე პერიოდს.
კერძოდ, 2019 წლის ივლისში ქვეყანამ ვიზიტორებისგან 395.4 მლნ დოლარის შემოსავალი დააგენერირა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ტურიზმის შემოსავლებში რუსეთი ლიდერობს 116.1 მლნ დოლარით. მეორე ადგილს იკავებს 44.2 მლნ დოლარით საუდის არაბეთი, ხოლო მესამე ადგილზე 43.8 მლნ დოლარით თურქეთი. მეოთხე პოზიციაზე 43.6 მლნ დოლარით ევროკავშირის ქვეყნები არიან, ხოლო მეხუთე ადგილზე 33.5 მლნ დოლარით ბელორუსია.
ჯამში ქვეყანამ მიმდინარე წლის 7 თვეში ტურიზმიდან 1.6 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. აღსანიშნავია, რომ შემოსავლების დათვლისას ეროვნული ბანკი ევროკავშირის ქვეყნებს დიდ ბრიტანეთსაც მიაკუთვნებს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ივლისში საქართველოში დაახლოებით 598 ათასი ვიზიტი განხორციელდა, რაც 32%-ით ჩამორჩება პანდემიამდელ პერიოდს.