რუსთაველები, ბოლო რამდენიმე დღეა, აქტიურად წერენ სოციალურ ქსელში, რომ ღამის საათებში ქალქის ქუჩებში ისევ უსიამოვნო სუნი იგრძნობა. მოსახლეობა სუნს ამჯერადაც რუსთავთან ახლოს მდებარე სოკოს საწარმო "თეთრ ქუდს" უკავშირებს.
"ინფო რუსთავი" იმის გასარკვევად, ხომ არ განახლდა საწარმოში კომპოსტირების პროცესი, კომპანია "თეთრი ქუდის" დირექტორს, ალექსი ბერიძეს ესაუბრა. ბერიძე უარყოფს, რომ უსიამოვნო სუნი ქალაქში მათი საწარმოდან შემოედინება.
"დილასაც იყვნენ გარემოსდაცვა და თვითონვე დააფიქსირეს, რომ არაფერი სუნი არ დგას და წავიდნენ. ჩვენ ხომ გაგვიჩერეს სახიფათო ნარჩენების აღდგენის პროცესი, რაც სუნს იწვევდა და ჯარიმა დაგვადეს. ახლა ეს აღდგენა კეთდება სხვა კომპანიაში და გამზადებული მოგვაქვს. პროცესი არ განახლებულა, რა თქმა უნდა. სადაც გამზადებული აღდგენილი კომპოსტი მოდის, იქ სადღაც 20 მეტრშია მხოლოდ სუნი, ისიც მცირე. მოკლედ, ეს სუნი ჩვენი არ არის", - აცხადებს სოკოს საწარმოს დირექტორი.