რუსთავში ლომოურის 6-ში მცხოვრებლები მათი კორპუსის წინ არსებულ ტერიტორიაზე, სადაც მწვანე ნარგავებია, ორი მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ადგილობრივებმა განუცხადეს, ტერიტორიაზე, სადაც კორპუსები აშენდება, 300-მდე მწვანე ნარგავია, მათ შორის ხეხილიც, რომელსაც მოსახლეობა წლების განმავლობაში რგავდა და უვლიდა.
ადგილობრივების თქმითვე, კომპანიას მწვანე ნერგების მოჭრის და კორპუსების აშენების უფლებას არ მისცემენ.
"ეზოს მაცხოვრებელი ყველა წინააღმდეგია. ნებართვა აღებული აქვთ და შეუძლიათ უკვე აშენება. ბავშვების საქანელებია, ხეებია, ყველაფრის ამოღება უნდათ და ორი კორპუსი უნდა ჩაიდგას. ჩვენ ვაპირებთ ხელის შეშლას, არ დავთმობთ, არ მივცემთ აშენების უფლებას, სიცოცხლის ფასადაც რომ დაგვიჯდეს.
ერთი კვირის წინ მერმა გვითხრა, რომ ვაპირებთ უკვე ნებართვის გაცემასო, ქალბატონ ნინოსაც ვუთხარით, რომ მოსახლეობა არაა თანახმა და ვიდავებთ ამაზე სასამართლოში. პირადად ასეთი საუბარი გვქონდა, მისგან არანაირი დადებითი პასუხი არ იყო.
კომპანიის წარმომადგენლები დაგვემუქრნენ, ჩვენი ტერიტორიააო და ძალით გაგიყვანთ აქედანო. სკვერი უნდა გაანადგურონ და მაგათმა ფული იშოვონ, სად არის ეგრე, ჩალით ხომ არაა დაფარული ეს ქვეყანა",- აცხადებენ ადგილობრივები.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დაუკავშირდა ინვესტორ კომპანია "AIM რუსთავსაც", რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე ორი მრავალსართულიანი კორპუსის აშენებას გეგმავს. კომპანიაში აცხადებენ, რომ მიწა საჯარო აუქციონის წესით იყიდეს და მუნიციპალიტეტთან არსებული ვალდებულების გამო 2 წელიწადში კორპუსები უკვე აშენებული უნდა იყოს.
"მიწა 1 წლის წინ ვიყიდეთ საჯარო აუქციონის წესით. ბანკში გვაქვს ვალდებულებები, ვალდებულება გვაქვს ასევე რუსთავის მუნიციპალიტეტთან. 2 წელიწადში კორპუსის მშენებლობა უნდა დასრულდეს.
აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენ მოვაწყობთ ბავშვთა გასართობ სივრცეს და, რაც მთავარია, ნაცვლად 30%-ისა ჩვენ ტერიტორიის 70% ვტოვებთ რეკრეაციულ სივრცედ და მხოლოდ 30%-ზე იქნება საცხოვრებელი კორპუსი აშენებული. რა თქმა უნდა, გაგვაჩნია მშენებლობის ნებართვა, უკვე ვაპირებთ რომ ტერიტორია შემოვღობოთ.
ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან იყო მუქარა, რომ ხელს შეგვიშლიდნენ და მშენებლობის უფლებას არ მოგვცემდნენ. მათ ვეტყვი, რომ ჩვენ მშენებლობას ყველანაირი კანონის დაცვით დავიწყებთ",- აცხადებენ კომპანიაში.