2022 წლის ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია.
რა შეფასებები მიიღეს აბიტურიენტებმა სხვადასხვა საგანში უკვე იციან, ახლა ელოდებიან, გაიგონ, რომელ უნივერსიტეტში და რომელ ფაკულტეტზე მოხვდნენ.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" გაგაცნობთ 5 რუსთაველ აბიტურიენტს, რომლებმაც სხვადასხვა საგანში ქალაქში ყველაზე მაღალი შეფასებები მიიღეს.
აბიტურიენტებმა ჩვენთან ისაუბრეს, თუ რომელ უნივერსიტეტში და რომელ ფაკულტეტზე სურთ სწავლის გაგრძელება.
ანამარია შეყილაძე მე-4 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია, რომელმაც ქართულში 60/59 ქულა აიღო, ინგლისურში 80/80, ხოლო ისტორიაში 60/58.
როგორც ანამარიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, სწავლის გაგრძელებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე გეგმავს. მისი თქმით, გადაწყვეტილება საკმაოდ გვიან მიიღო.
"სწავლის გაგრძელებას თსუ-ში ვაპირებ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, რაც საკმაოდ გვიან გადავწყვიტე. გულწრფელი რომ ვიყო, არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ჩემი პროფესია გახდება და ვფიქრობ, რომ მომავალში მიმართულებასაც შევიცვლი. დარწმუნებული ჯერ კიდევ არ ვარ, რა მინდა და ამას აღარც განვიცდი - დროსა და სივრცეს მაქსიმალურად ვიღებ, რომ ჩემი თავი ვიპოვო და არ მოველი, რომ თვრამეტი წლის საუკეთესო და ზუსტ გადაწყვეტილებას მივიღებ. ამის მიუხედავად, მგონია, რომ ეს მიმართულება ამ ეტაპზე ჩემს ინტერესებს და სურვილებს უპასუხებს და გადაწყვეტილების მიღებაშიც, რაც ძალიან გამიჭირდა, ეს ფაქტორი დამეხმარა",- აცხადებს ანამარია შეყილაძე "ინფო რუსთავთან".
აკაკი ქათამაძე მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლე იყო, რომელმაც ქართულში 60/59 ქულა აიღო, ინგლისურში 80/77 ქულა, ხოლო ისტორიაში 60/ 57 ქულა ისტორიაში. "ინფო რუსთავთან" საუბრისას განაცხადა, რომ მე-5 კლასიდან იურისტობა უნდა, სწორედ ამიტომ სწავლის გაგრძელება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე სურს.
"მეხუთე კლასის შემდეგ სულ მინდოდა იურიდიულზე ჩაბარება. იურისტობა მსურს ძალიან და იმედი მაქვს, ეს სურვილი რეალობად იქცევა ახლო მომავალში",- აცხადებს აკაკი ქათამაძე.
ანანო შარიქაძე ასევე მე-2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია. მან ქართულის გამოცდაზე 60/58 ქულა აიღო, ინგლისურში 80/80 ქულა, ხოლო მათემატიკაში 51/47 ქულა. ანანოს სწავლის გაგრძელება თავდაპირველად სამედიცინოზე სურდა, თუმცა მისი თქმით, დარწმუნებული არ იყო, ამიტომ არჩევანი შეცვალა.
"კომპიუტერულ მეცნიერებასა და მათემატიკაზე ვაბარებ, სავარაუდოდ, თავისუფალ უნივერსიტეტში. ძალიან დიდია კონკურენცია ამ ფაკულტეტზე და დარწმუნებული ჯერ ისევ არ ვარ. მეორე ვარიანტად ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მაქვს.
სამედიცინოზე ვაბარებდი და ამ წლის მეორე სემესტრში შევიცვალე გადაწყვეტილება. სამედიცინოზე ვინც აბარებს, თითქოს დარწმუნებულია, რომ ეს საქმე თავისია. მე არ ვიყავი ასე, ვმერყეობდი, მათემატიკაც მაინტერესებდა. საბოლოოდ მათემატიკის სიყვარულმა გადაწონა",- განგვიცხადა ანანო შარიქაძემ.
ირაკლი ნოზაძემ მე-4 საჯარო სკოლა დაამთავრა. ეროვნულ გამოცდებზე კი ქართულში 60/59 ქულა აიღო, ინგლისურში 80/80 ქულა, მათემატიკაში 51/41 ქულა. ირაკლის მათემატიკის ლექტორობა უნდოდა, თუმცა მისი თქმით, ჩვენს ქვეყანაში ამ პროფესიის მქონე ადამიანებს დიდი პერსპექტივა არ აქვთ, ამიტომ სწავლას ან ეკონომიკის ან მენეჯმენტის ფაკულტეტზე გააგრძელებს.
"ეკონომიკისა და მენეჯმენტის ვარიანტები მაქვს, პირველზე მიწერია ISET program ინგლისურენოვანი ეკონომიკის ბაკალავრი თსუ-ში, მეორე KIU-ს მენეჯმენტი.
თავდაპირველად მათემატიკის ლექტორობა მინდოდა, რადგან, მიუხედავად ეროვნულის ქულისა, რომელიც ჩემი აზრით არ აჩვენებს ჩემს რეალურ ცოდნას ამ საგანში, ძალიან მიყვარს და დიდ სიამოვნებას ვიღებ მათემატიკური ამოცანების ამოხსნისას. მარა სამწუხაროდ ამ სფეროში პერსპექტივა არ არსებობს ჩვენთან. ამიტომ მომგებიანი ვარიანტი უფრო მივიჩნიე საჩემოდ",- ამბობს ირაკლი ჩვენთან საუბრისას.
მე-4 სკოლა დაამთავრა გვანცა გოგოლაძემაც, რომელმაც ქართულში 60/59 ქულა მიიღო, ინგლისურში 80/77 ქულა, ხოლო ისტორიაში 60/50 ქულა. გვანცა მომავალი დიპლომატია. სწავლის გაგრძელება კავკასიის უნივერსიტეტში აგრძელებს.
"კავკასიის უნივერსიტეტში ვაბარებ საერთაშორისო ურთიერთობებზე. თავიდან ცოტა დამაბნეველი იყო ჩემთვის ფაკულტეტის არჩევა, მაგრამ ბოლოს საერთაშორისო ურთიერთობებზე გადავწყვიტე ჩაბარება, რადგან ფართო სივრცეა უამრავ მიმართულებას მოიცავს",- უთხრა "ინფო რუსთავს" გვანცა გოგოლაძემ.
განახლება: ინფორმაციის გავრცელების შემდეგ შეგვეხმიანა კიდევ ერთი რუსთაველი აბიტურიენტი, ვასიკო ვაზაგაევი, რომელსაც ინგლისურში უმაღლესი 80/80 ქულა აქვს, ქართულში 60/57 ქულა, ხოლო მათემატიკაში 51/47 ქულა.
ვასიკო სწავლის გაგრძელებას თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და მათემატიკის ფაკულტეტზე აპირებს.
"მე-20 საჯარო სკოლა დავასრულე და ახლა თავისუფალ უნივერსიტეტში მივეშურები. კომპიუტერული მეცნიერებისა და მათემატიკის ფაკულტეტზე ვაბარებ, რამეთუ კომპიუტერული პროგრამირება ფაქტობრივად უნაკლოდ ვიცი. ეჭვი მეპარება, უნივერსიტეტში რამე ახალი მასწავლონ, მაგრამ კარიერის მწვერვალების დაპყრობისთვის ეს გზა აუცლიებლად უნდა გავიარო. აბიტურიენტობისას მიღებულმა გამოცდილებამ დამანახა, რომ შეიძლება მწარე არის მიზნისკენ მიმავალი გზა, თუმცა უამესია შრომის ნაყოფი, რომლითაც მთელი ცხოვრება იამაყებ",- ამბობს ვასიკო ვაზაგაევი "ინფო რუსთავთან".
რუსთაველი წარჩინებული აბიტურიენტების TOP5 შედგენილია "ინფო რუსთავის" მიერ აქამდე გამოქვეყნებული სხვადასხვა საგნის შედეგებზე დაყრდნობით, რომლებშიც თავმოყრილი იყო მაღალქულიანი აბიტურიენტების სია.