სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპული ან მძიმედ დაშავებული ჯარისკაცების შვილები სასწავლო გრანტით ისარგებლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქართველოს თავდაცვის ძალებში მოსამსახურე პირები, მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები, დაჭრილი და დაშავებული სამხედროები და მათი ოჯახის წევრები საგანმანათლებლო, კულტურულ თუ სამედიცინო დაწესებულებებში სხვადასხვა პრივილეგიითა და შეღავათით სარგებლობენ.
როგორც თავდაცვის უწყება განმარტავს,ახალი სასწავლო წლიდან თავდაცვის უწყებაში მოქმედი სოციალური პროგრამების ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპული სამხედროების შვილების გარდა, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპული ან მძიმედ დაშავებული ჯარისკაცების შვილები, ასევე, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ვეტერანები ან მათი შვილები სასწავლო გრანტით ისარგებლებენ.
სასწავლო გრანტით დაფინანსების მიღების შესაძლებლობა ექნებათ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის პროგრამის სტუდენტებს. სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების პროექტზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიცირებული სიახლე, მთავრობის დადგენილებისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერის საფუძველზე, უკვე მიღებულია და 2022-2023 სასწავლო წლიდან შევა ძალაში.