დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშღომელი, კახი კობახიძე ტრაგიკულად დაიღუპა. უბედური შემთხვევა რაჭაში მოხდა, გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, კახი კობახიძე ხევში გადავარდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი სოციალურ ქსელში ტრაგიკულად გარდაცვლილი თანამშრომლის კახი კობახიძის შესახებ სამძიმრის წერილს ავრცელებს.
"დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი უდიდესი მწუხარებით იუწყება, რომ ტრაგიკულად გარდაიცვალა ცენტრის საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის შესყიდვების სამმართველოს თანამშრომელი კახი კობახიძე. კახი იყო გამორჩეული პიროვნული თვისებებით და მაღალი ღირებულებებით დაჯილდოებული ადამიანი. ყველასათვის საყვარელი, ერთგული და თავდაუზოგავი მეგობარი, განუმეორებელი სიკეთით და სათნოებით დაჯილდოებული, სიყვარულის ნიჭის უბადლოდ მატარებელი.
მას პირადი მაგალითით, სიტყვით და საქმით, ყოველ დღე და ყოველ წუთს ფასდაუდებელი წვლილი შეჰქონდა თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში და ცენტრის საქმიანობაში. ის 2019 წლიდან დღემდე, მაღალი პროფესიონალიზმით, უშრეტი ენერგიით და წარმატებით ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას. გამოირჩეოდა დიდი შრომისმოყვარეობით. კახიმ სიცოცხლე ოჯახის, მეგობრების, თანამშრომლების და ქვეყნის კეთილდღეობას მიუძღვნა და იმაზე მეტი სიკეთე გასცა, ვიდრე ეს შესაძლებელია ერთი ადამიანისთვის. მისი უდროოდ წასვლა ჩვენი ცენტრისთვის დიდი და მტკივნეული დანაკლისია. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, მეგობრებს და კოლეგებს, მისი ნათელი ხსოვნა გაათბობს თითოეული ჩვენგანის ცხოვრებას"- NCDC.