რუსთავში ზაზა ფაჩულიას სახელობის კალათბურთის მოედანი აშენდება [photo]

2022-08-05 20:57:11

რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში კომპანია "გალფი" ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო მოედანს ააშენებს.

მოედნის მშენებლობისთვის რუსთავის მერს, ნინო ლაცაბიძეს, ზაზა ფაჩულიას და გალფს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

"მე ძალიან მიხარია, რომ მეხუთეჯერ ვაანონსებთ მოედნის მშენებლობას საქართველოში. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრ დადებით რამეს მოიტანს ასეთი მოედნები, რადგან ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი, რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღ ცხოვრება და სპორტი აღზრდისთვის, განათლებისთვის, მოტივაციისთვის, ინსპირაციისთვის. ძალიან ბევრი დადებითი რამ მოაქვს სპორტს, ესაა დისციპლინა, პროფესიონალიზმი, სწრაფი გადაწყვეტილება. რაც მთავარია, დღევანდელ რეალობაში კარგად გვესმის სახლში ჩაკეტილი ბავშვი დიდ დროს რომ ატარებს ეკრანთან, ტელეფონთან რამდენად მავნებელი შეიძლება იყოს. ერთ-ერთი მოტივაციაც ესაა, რომ ბავშვები გარეთ გამოვიდნენ და სპორტული ცხოვრებით იყვნენ დაკავებულები",-განაცხადა ზაზა ფაჩულიამ.

ქალაქის მერის, ნონო ლაცაბიძის თქმით, მუნიციპალიტეტი საკალათბურთო მოედნის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაზე იზრუნებს.

"ძალიან მნიშვნელოვან მემორანდუმს მოვაწერეთ ხელი. სულ მალე აქ დაიწყება ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო სივრცის. ეს ჩვენთვის საამაყოცაა და ღირებულია, როგორც ინფრასტრუქტურული პროექტი. მუნიციპალიტეტი თავის მხრივ მიმდებარე არსებულ სარეკრეაციო სივრცეს სრულად რეაბილიტაციას ჩაუტარებს. ვფიქრობ, რომ მე-19-18 მიკრორაიონის ტერიტორიაზე კიდევ ერთი სპორტული და დასასვენებელი სივრცე შეემატება ჩვენს ქალაქს",- განაცხადა ლაცაბიძემ.




ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები