ცხვარიჭამიაში, დაბადების დღეზე 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმის ადვოკატის, ფიქრია მახარაძის განცხადებით, ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი „მხრის გაკვრას“ მოჰყვა.
ჟურნალისტებთან საუბრისას მახარაძე განმარტავს, რომ თავდაპირველად უთანხმოება სახლის ეზოში დაიწყო, სადაც დაბადების დღეს აღნიშნავდნენ, იქ ახალგაზრდების შერიგება მოხერხდა. თუმცა, მოგვიანებით, ისინი ეზოს გარეთ, ჩუმად გაიპარნენ, რასაც კუკავას მკვლელობა მოჰყვა.
"საბურთალოელები და ნახალოვკელები იყვნენ, საბურთალოელებმა იჩხუბეს ნახალოვკელებთან. მხარი გაკრა საბურთალოელმა ნახალოვკელს და ამის ნიადაგზე დაიწყო კონფლიქტი. ეზოში ჰქონდათ ალა-ფურშეტი მოწყობილი, იქ დაიწყო კონფლიქტი, შერიგების, თუ მორიგების შემდეგ, გარეთ გასულან და იქ მოხდა მკვლელობა. ამ დროს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი სახლში გოგონებს აწყნარებდა, ისინი ზემოთ აიყვანა, რა დროსაც მკვლელობა მოხდა, მას ჩხუბში მონაწილეობა არ მიუღია.
იქ ქეთათო არაბულის (იუბილარის) დედა იყო, მან სამართალდამცავებს ჩხუბის დაწყებამდე შეატყობინა ყველაფერი, მაგრამ იმდენად სწრაფად მოხდა ყველაფერი, როცა სამართალდამცავები მოვიდნენ, უკვე.... ამათაც ვერ გაიგეს წესიერად გარეთ რომ მკვლელობა მოხდა, ვიღაცამ კივილი დაიწყო და გაცვივდნენ. იფიქრეს, რომ შერიგდნენ და კონფლიქტი მორჩაო. ეზოში რომ მოხდა კონფლიქტი, ყველა ჩაერია, გააშველეს, ბოდიშებიც მოიხადეს, შერიგდნენ, მერე როგორც ჩანს, ჩუმად გაიპარნენ ეზოს გარეთ, რამდენი - არ ვიცი“, - განაცხადა მახარაძემ.
ცნობისთვის, ცხვარიჭამიაში 20 წლის მირიან კუკავა მეგობრის სახლში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, რა დროსაც სუფრასთან ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
აღნიშნული მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ, სავარაუდოდ, დავით ჯიჯეიშვილმა მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში დანით ჭრილობა მიაყენა, ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს. დავით ჯიჯეიშვილის დაკავების მიზნით საგამძიებო მოქმედებები აქტიურ რეჟიმში ტარდება.
განზრახ მკვლელობის, ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 239-ე, 370-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს