"ბიზნესის ლობირებითაა დაკავებული ქალაქის მერი" [video]

2022-07-28 15:40:00

"ბიზნესის ლობირებითაა დაკავებული ქალაქის მერი",- ამის შესახებ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და ენმ-ის წევრმა ალექსანდრე ბერიძის ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე სამსახურის უფროსებს საკრებულოში მისვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში ავალებს, როდესაც საქმე მის კერძო ბიზნეს ინტერესებს ეხება.

"გვინდა, რუსთაველებმა იცოდნენ, რომ ქალაქის მერი და მერიის სამსახურები სრულ იგნორირებას უკეთებენ საკრებულო მუშაობას. მერს გაფრთხილებული ჰყავს სამსახურების ხელმძღვანელები და მერიის სტრუქტურები, რომ არ ეკონტაქტონ რუსთავის საკრებულოს. მერის დავალებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება მისი კერძო და კლანური ბიზნესის ინტერესებს, ავალებს სამსახურებს, რომ წარმოდგენილნი იყვნენ საკრებულოში. ამის ერთ-ერთი მაგალითია დეველოპერების მიერ შემოტანილი საქმე, რაზეც გუშინ მერმა ისაუბრა.

ჩვენ გვაქვს მონაცემები, რომ ეს პირდაპირ უკავშირდება მერს და მის ოჯახს, ამ ბიზნესის ლობირებითაა დაკავებული ქალაქის მერი. ჩვენ მოსახლეობას ეტაპობრივად მივაწვდით ინფორმაციას მერის კლანურ ბიზნესთან დაკავშირებით. მინდა ვუთხრა მოსახლეობას, რომ მათი ინტერესების გარეშე, რუსთავის ინტერესების გარეშე დღევანდელი საკრებულო არ აპირებს არავის ბიზნესების ლობირებას. ჩვენი მთავარი მიზანია, რუსთავის მოსახლეობის ინტერესების დაცვა, ასე იქნება მუდმივად. ჩვენ გვაქვს მოსახლეობის წერილები, სადაც ისინი ანალოგიური პრობლემების გადაჭრას ითხოვენ, თუმცა მერს არ აქვს რეაგირება. დაპირებები, რომლებიც მათი წინასაარჩევნო დაპირებები იყო, ფაქტობრივად იგნორირებულია. ეს ადამიანები გადასულები არიან თავიანთი ბიზნესის ლობირებაზე",- განაცხადა ალექსანდრე ბერიძემ.

ამავე ბრიფინგზე ენმ-ის წევრმა ნანა შატბერაშვილმა განაცხადა, რომ მათი ინიციატივით მოხდება კერძო აუდიტის მოწვევა, რათა რუსთავის მერიის სამსახურისა და ააიპების საქმიანობის შესწავლა მოხდეს.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავმა" ენმ-ის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებზე ქალაქის მერიას მიმართა, თუმცა ოპოზიციის განცხადებებზე კომენტარს არ აკეთებენ.

 

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები