რუსთავში, მე-8 მიკრორაიონში 11 წლის ბიჭი პიტბულმა დაკბინა. [ვიდეო/video]
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" თვითმხილველებმა განუცხადეს, არასრულწლოვანმა ეზოში თამაშის დროს ერთ-ერთი ავტოფარეხის კარი გამოაღო, სადაც დამწყვდეული იყო პიტბული. ძაღლი კარის გაღებისთანავე ბიჭს თავს დაესხა და დაკბინა. თვითმხილველების ცნობითვე, ეზოში მყოფებმა ძაღლისთვის ბავშვის გამოტაცება შეძლეს, რა დროსაც რამდენიმე პირმა მსუბუქი დაზიანება მიიღო, პიტბული კი კვლავ ავტოფარეხში ჩაკეტეს.
დაშავებული 11 წლის ბიჭი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ქალაქის ცენტრალურ კლინიკაში გადაიყვანა.
სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ ბავშვს სხეულის სხვადასხვა ნაწილში რამდენიმე ნაკბენი აქვს, თუმცა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნება და მას ყველა შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.