"კატეგორიულად ვგმობ ბატონი ირაკლი კობახიძის უკადრის საქციელს. ასეთი გამოსვლა არ ეკადრება ამ ქვეყანას, არ ეკადრება ჩვენს კულტურას, არ ეკადრება ჩვენს ტრადიციებს, არ ეკადრება ჩვენს ზრდილობას.
"ათასად კაცი დაფასდა, ათიათასად - ზრდილობა!"
ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ სისუსტეს ამჟღავნებს!“,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Facebook-ზე დაწერა.
ცნობისთვის, "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტმა უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის დავით არახამიას განცხადებებთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა. ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს მიმართა, რომ დავით არახამიამ გუშინდელ ინტერვიუში ისიც ახსენა და ჰკითხა „კაგებეს აგენტის შვილი არ ხართ, ბატონო ირაკლი?“ ირაკლი კობახიძემ კი ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაენა და უპასუხა:
"კაგებეშნიკი არის მამათქვენი, ეს შემიძლია გითხრათ... სირცხვილია, სახე დაკარგეთ... ნუ კანკალებ, სახე დაკარგე. შენც ხარ დავით არახამია, როგორც არახამია არ არის კაცი, ისე შენც არ ხარ ქალი. სახე დაკარგე, თავი დაკარგე, პოლიტიკა ამად გიღირს? სირცხვილია.... "ნაცმოძრაობის" გულისთვის სახე დაკარგე. ქალი აღარ ხარ რა... ქალის სახე დაკარგე... რომ ლაპარაკობ, პირი მოიწმინდე... სააკაშვილივით გაქვს პირი, დაემსგავსე ყველაფრით შენს ბელადს. სააკაშვილს ჰგავხარ პირითაც... სამარცხვინო შენ...გულისამრევია“,- მიმართა კობახიძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს.