თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, საპილოტე რეჟიმში, ახალი სახელფასო სისტემა დაინერგა, რომელიც სამედიცინო პერსონალისთვის საათების მიხედვით ანაზღაურების მინიმალურ ზღვარს აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, კლინიკის შემოსავლების 90% სახელმწიფო პროგრამებით მიღებული დაფინანსებაა. მისი ფინანსური მდგომარეობა, არსებული შემოსავალი და მარჟა იძლევა საშუალებას, რომ დღევანდელი ტარიფების პირობებში, საავადმყოფოში დასაქმებულმა სამედიცინო პერსონალმა გაუმჯობესებული ანაზღაურება მიიღოს.
"თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ახალი სახელფასო სისტემის მიხედვით, ექიმის მინიმალური ანაზღაურება შეადგენს საათში 9 ლარს, რაც ყოველთვიურად 1 620 ლარია. უმცროსი ექიმის ანაზღაურება, საათების მიხედვით, 6 ლარია, თვეში კი - 1 080 ლარი; ექთნის - საათში 5,75, თვიურად 1035 ლარი; ექთნის დამხმარის - 3 ლარია, თვეში - 540 ლარი. სანიტრის შემთხვევაში კი ეს თანხა საათში 2,80-ია, შესაბამისად, ყოველთვიურად, 504 ლარი", - ნათქვამია ინფორმაციაში.