რუსთავში 6 გველი დაიჭირეს

2022-07-17 15:05:12

რუსთავში გასულ თვეში 6 გველი დაიჭირეს.

ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ინფორმაცია რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრიდან მიაწოდეს.

ცენტრის ხელმძღვანელის, დავით იშხნელის ინფორმაციით, მათთან სულ 9 გამოძახება შევიდა, საიდანაც 6  დადასტურდა, თუმცა შხამიანი ქვეწარმავალი არცერთ გამოძახებაზე არ გამოუვლენიათ. დაჭერილი გველების სახეობები ასე ნაწილდება: 1 გეკონი, 2 წყლის ანკარა, 1 ჩვეულებრივი ანკარა, 1 წითელმუცელა და 1 გველხოკერა.

საინფორმაციო სააგენტო დაინტერესდა, ხომ არ არის რუსთავში გამოკვეთილი კონკრეტული უბნები, საიდანაც გველებთან დაკავშირებით გამოძახებები უფრო ხშირად ფიქსირდება, რაზეც იშხნელი აცხადებს, რომ ძირითადად შეტყობინებები ჭყონდიდლის დასახლებიდან, მე-7 მიკრორაიონის ტერიტორიიდან, ასევე გარეჯის ქუჩიდან შედის.

ინფორმაციისთვის, ქვეწარმავლის აღმოჩენის შემთხვევაში, დარეკვა შეგიძლიათ მერიის ცხელ ხაზზე - 13 00 ან შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჯანდაცვის ცენტრს ნომერზე - 28 74 75. ცენტრში აცხადებენ, რომ სამსახური შეტყობინებაზე რეაგირებას უწყვეტ რეჟიმში მოახდენს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები