სილქნეტმა დღეს სატარიფო ცვლილებების შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია. კომპანიის თანახმად, 16 აგვისტოდან მათ ქსელში ზოგიერთი ტარიფის ღირებულება გაიზრდება, თუმცა ასევე გაუმჯობესდება ამ პაკეტში არსებული სერვისის პარამეტრები. მაგალითად, თბილისში ეკონომი+სტარტ+პაკეტის ფასი ეღირება 45 ლარი, მაშინ როდესაც ამჟამად მისი ღირებულება 40 ლარს შეადგენს. თუმცა სილქნეტის ინფორმაციით, გაიზრდება ამ პაკეტის ინტერნეტის სიჩქარე და ის 20 მეგაბაიტის ნაცვლად 25 იქნება.
სატარიფო ცვლილებების ნაწილი ასეთია:
• ეკონომი + სტარტ + 45 ₾ (ამჟამად ფასი 40 ლარია, თუმცა აქციის ფარგლებში მომხმარებლები 28 ლარს იხდიან)
• კომფორტი(new)+ ახალი თემატური პაკეტი სპორტი + სტარტ+ 57 ₾ (ამჟამად ფასი 56 ლარია, თუმცა აქციის ფარგლებში მომხმარებლები ახლა 50 ლარს იხდიან)
• პრემიუმ + სტარტ+ 65 ₾ (ამჟამად ფასი 60 ლარია)
"2022 წლის 16 აგვისტოდან, სილქნეტის ოპტიკური ინტერნეტის მინიმალური პაკეტის სიჩქარე იზრდება, სატელევიზიო სერვისს კი თემატური პაკეტი "სპორტი" ემატება. ასევე, იცვლება ზოგიერთი პაკეტის პირობა.
ცვლილებების ფარგლებში, ოპტიკური ინტერნეტის მინიმალური პაკეტის სიჩქარე 20მბ/წმ ნაცვლად 25მბ/წმ გახდება, რაც "სტარტ+"-ის მომხმარებლებს განახლებული ტარიფით და გაზრდილი სიჩქარით სარგებლობის საშუალებას მისცემს. ცვლილება შეეხება ყველა იმ ორმაგ შეთავაზებასაც, რომელიც მოიცავს "სტარტ+" პაკეტს.
სპორტის მოყვარულებს კომპანია თემატურ პაკეტ "სპორტს" შესთავაზებს, რომელიც თბილისში თვეში 3 ლარად, ხოლო რეგიონებში 2 ლარად იქნება ხელმისაწვდომი.
თემატურ პაკეტ "სპორტ"-ში გაერთიანდება შემდეგი არხები:
"სილქ სპორტი 1"
"სილქ სპორტი 2"
"სილქ სპორტი 3"
"კომფორტის" აბონენტებს 16 აგვისტოდან შეუნარჩუნდებათ თემატური პაკეტი "სპორტი", რომლის გაუქმება, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება ცხელ ხაზზე დარეკვით.
მობილური ქსელის იმ მომხმარებლებს, ვისაც არ აქვთ გააქტიურებული წუთობრივი ან შერეული პაკეტი და სარგებლობენ სტანდარტული ტარიფით, დაერიცხებათ ზარის წამოწყების საფასური.
1 სექტემბრიდან ფიქსირებული და მობილური ქსელის აბონენტებისთვის იცვლება საერთაშორისო ტარიფები ზოგიერთ მიმართულებაზე. ასევე იცვლება ფიქსირებული ქსელის აბონენტებისთვის წუთობრივი ტარიფები სხვა ფიქსირებული ოპერატორების მიმართულებით.
ცვლილებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მომხმარებლებს შეუძლიათ იხილონ ამავე ვებ-გვერდზე განთავსებულ შესაბამისი პროდუქტის აღწერაში.
მომხმარებელი უფლებამოსილია, მომსახურების შეცვლილი პირობების / ტარიფების ძალაში შესვლამდე, ყოველგვარი დამატებითი ხარჯების გაწევის გარეშე გააუქმოს სააბონენტო ხელშეკრულება. მომხმარებელმა, ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე უნდა მიმართოს კომპანიას, სააბონენტო ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით. სხვა შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ მომხმარებელი ეთანხმება და იღებს კომპანიის მიერ შეთავაზებულ ცვლილებებს, რის შემდეგაც მომსახურების მიწოდება გაგრძელდება შეცვლილი პირობებით/ტარიფებით,”- ნათქვამია კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.