რუსთავში რწყილები მომრავლდა

2022-07-17 10:46:18

რუსთავში ბოლო პერიოდში რწყილები მომრავლდა.

ამის შესახებ ერთ-ერთმა რუსთაველმა საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" დახურულ ჯგუფში დაწერა. პოსტს იგივე პრობლემით სხვა რუსთაველებიც გამოეხმაურნენ და აცხადებენ, რომ რწყილები ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა მისამართზე მათთვისაც პრობლემას წარმოადგენს.

"სადარბაზოში შემოდიან, რადგან გარე სივრცეშიც არიან. სადარბაზოს წინა სივრცეც ჩვენ შევწამლეთ ვეტაფთიაქში წამლით. ათ დღეში ისევ ჩვენი შესაწამლი იქნება, დარწმუნებული ვარ. ქუჩების შეწამვლა არ შეიძლება. სანამ მაწანწალა ძაღლები იქნებიან, ეს პრობლემა არ მოგვარდება. აგრეთვე მშენებელთა ქუჩაზე და არამარტო, ძალიან ბევრი მაწანწალა ძაღლი დადის რწყილებისგან შეჭმული. აქვთ ამოგლეჯილი ხელები, ფეხები, გვერდები და ყურები. ჩვენთან სადარბაზოში როგორ არ შემოვა რწყილები, ზედ გვახტებიან. გვეშინია სადარბაზოშიც და გარეთ გასვლაც",- აცხადებს ერთ-ერთი რუსთაველი.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" დაინტერესდა ხომ არ აქვს ადგილობრივ მუნიციპალიტეტს რაიმე სერვისი, რომლითაც უბნების რწყილების საწინააღმდეგო ხსნარებით შეწამვლა მოხდება.

როგორც ა(ა)იპ "რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის" ხელმძღვანელი დავით იშხნელი აცხადებს, მის სამსახურს მსგავსი პროგრამა ამ ეტაპზე არ აქვს.

"ჩვენ დაავადებათა ეროვნული ცენტრის მიერ მონიჭებულ დელეგირებულ უფლებებს ვასრულებთ ჩვენ. ეს ჩვენ მოვალეობაში არ შედის. ზოგადად ამის მიზეზი არის ის, რომ სარდაფები არის ძველი ნაგვითა და უსარგებლო ნივთებით გადატვირთული. ასევე გასათიბი ბალახიც და მიუსაფარი ძაღლები...

ჩემი სამსახურის იურიდიული, სამართლებრივი მხარე მინდა, რომ გავიარო რამდენად შეგვიძლია, რომ დამატებითი სერვისი შევთავაზოთ მოსახლეობას. სხვათა შორის ვმუშაობთ ამ საკითხზე, რომ მოვედი მაშინვე დავიწყე მაგაზე მუშაობა. სამართლებრივ მხარეში ვართ უბრალოდ გასარკვევი. სპეციალური ხსნარების შეძენა, რომელიც ჩვენ არ გვეწერება და არ გვიგზავნის დაავადებათა ეროვნული ცენტრი, უნდა იყოს იურიდიულად გამართული",- განაცხადა დავით იშხნელმა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები