სემეკმა შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტი“ დააჯარიმა

2022-07-14 16:44:42

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ საჯარო სხდომაზე შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტი“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 ათასი ლარით დააჯარიმა.

სემეკის ცნობით, დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენს სემეკის რეგულაციების უგულებელყოფა და შეუსრულებლობა.

კერძოდ, შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტმა“ არ შეასრულა „ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგისა და ანგარიშგების წესებით“ გათვალისწინებული ვალდებულებები და დადგენილებით განსაზღვრულ ვადებში სემეკში არ განახორციელა საქმიანობის ანგარიშგება.

საჯარო სხდომაზე შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტს“ მიეცა გაფრთხილება, რომ დარღვევის განმეორების შემთხვევაში დაეკისრება გაორმაგებული ჯარიმა.