1 ივლისიდან კომპანიებისთვის სავალდებულო გახდა, საკუთარ შენობაში, სამუშაო სივრცეში, პირველადი სამედიცინო დახმარების ერთი ან მეტი ოთახი განათავსონ, ან ამ მიზნით სპეციალური ადგილი გამოყონ. მთავრობის მიერ დამტკიცებული დადგენილების თანახმად, პირველადი სამედიცინო დახმარების ოთახები სპეციალური დანადგარებით უნდა იყოს აღჭურვილი, ამასთანავე, შესაძლებელი იყოს საკაცით გადაადგილება.
როგორც შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელის, ბექა ფერაძის განცხადებით, დადგენილება სხვადასხვა სამუშაო ადგილებზე დაცული გარემოს შექმნას და თანამშრომლების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. მისი თქმით, აღნიშნული კანონი ეკონომიკური სფეროს ყველა სექტორზე გავრცელდება, გამონაკლისი მხოლოდ სამთო-მოპოვებითი მრეწველობა, თევზჭერა და დროებითი მობილური სამუშაო ადგილები იქნება, სადაც რეგლამენტის მოქმედება არ გავრცელდება.
"ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება, რომ ნებისმიერი კანონმდებლობა, მათ შორის შრომის კანონმდებლობა, დაუახლოოს ევროპულ სტანდარტებს. პრიორიტეტი, რასაკვირველია, შრომის უსაფრთხოებაა, სწორედ აქედან გამომდინარეობს აღნიშნული დადგენილების შემოღებაც. აღნიშნული დადგენილება სტანდარტული გარემოს მქონე შრომითი მიმართულების ნებისმიერ სეგმენტზე გავრცელდება, იქნება ეს წარმოება თუ ოფისის მიმართულება, გამონაკლისი მხოლოდ სამთო-მოპოვებითი მრეწველობა, თევზჭერა და დროებითი მობილური სამუშაო ადგილები იქნება" - აცხადებს ფერაძე.
შრომის ინსპექციაში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე რეგლამენტი მხოლოდ იმ სამუშაო ადგილებზე გავრცელდება, რომლებიც განთავსებულია იმ შენობა-ნაგებობებში, რომლებზეც მშენებლობის ნებართვა დადგენილების ამოქმედების შემდეგ გაიცა. უკვე არსებული კომპანიები კი, 2-წლიანი საშეღავათო პირობებით ისარგებლებენ. თუ კომპანიები, გაფრთხილების მიუხედავად, დადგენილებით გათვალისწინებულ პირობებს არ შეასრულებენ, მათ სამუშაო პროცესი შეუჩერდებათ.
"რეგლამენტი ვრცელდება იმ ნებისმიერ სამუშაო ადგილზე, რომელზეც მშენებლობის ნებართვა, რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ გაიცა. რაც შეეხება ძველ შენობა-ნაგებობებში არსებულ კომპანიებს, ისინი 2-წლიანი საშეღავათო პირობებით ისარგებლებენ და არსებული რეგლამენტით გათვალისწინებული პირობების შესრულების ვალდებულება მათ 2 წლის განმავლობაში არ ექნებათ. აქაც, ისევე როგორც აქამდე მოქმედი კანონმდებლობის შემთხვევაში, დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში თავდაპირველად მოხდება ბიზნესოპერატორის გაფრთხილება, შემდეგ მისი დაჯარიმება. თუ რამდენიმე ჯარიმის შემდეგ კომპანიები დადგენილებით გათვალისწინებულ პირობებს კვლავ არ შეასრულებენ, მათ სამუშაო პროცესი შეუჩერდებათ", - განაცხადა შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ.