ჩვენ გვმართებს, გვახსოვდეს, რომ მთავარი მიზანი ქრისტიანული ცხოვრებისა არის, არ გაგვინელდეს ეს სიყვარულის ცეცხლი, გავაღვივოთ იგი და გავაძლიეროთ, როგორც ამბობს პავლე მოციქული თავის ეპისტოლეში,- ამის შესახებ სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
მეუფე შიომ წმინდა მოციქულების ხსნების დღის მნიშვნელობაზე იქადაგა.
"სიყვარული ენთო მის გულში, მასში, მთელ მოციქულთა დასში. ამიტომაც შეძლეს მათ ასეთი დიადი საქმეების აღსრულება. საერთოდ, ყველა დიდი საქმე სულიერ სარბიელზე მხოლოდ ასეთი სიყვარულის მეშვეობით აღესრულება.
დღეს ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ვართ მონაწილენი, სამოციქულო მემკვიდრეობის წევრნი ვართ, მემკვიდრენი ვართ ამ დიდი სამოციქულო მემკვიდრეობისა. როგორც ამბობს პეტრე მოციქული, - „ჩვენ, ყველანი, ქრისტიანები, ვართ რჩეული მოდგმა და სამეფო მღვდლობა“. ასეთ საოცარ სიტყვებს ამბობს იგი. ყველა ვართ აი, ამ სამეფო მღვდლობის წევრნი - მამაკაცებიც, ქალებიც, ბავშვები და სულიწმიდა გამოარჩევს ამ სამეფო მღვდლობიდან ადამიანებს, ზოგს - საეკლესიო, სამღვდელო მსახურებისთვის, რომ აღასრულოს წმინდა საიდუმლოებები, ზოგს, ერისკაცებს - სხვადასხვა მსახურებისთვის, მაგრამ ჩვენ, ყველა, ვართ აი, ამ სამეფო მღვდლობის წევრნი და რჩეული მოდგმა, როგორც ამბობს მოციქული. მთავარია, რომ ყოველ ჩვენგანში ენთოს ეს სიყვარულის ცეცხლი, რომელიც ჰქონდათ მოციქულებს.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ.
ჩვენ გვმართებს, გვახსოვდეს, რომ მთავარი მიზანი ქრისტიანული ცხოვრებისა არის, არ გაგვინელდეს ეს სიყვარულის ცეცხლი, გავაღვივოთ იგი და გავაძლიეროთ, როგორც ამბობს პავლე მოციქული თავის ეპისტოლეში, რომ „წინასწარმეტყველების მადლიც რომ მქონდეს და ყველა საიდუმლო ვიცოდე, თუ სიყვარული არ მაქვს, არარა ვარ. მთელი ჩემი ქონება რომ გლახაკებს დავურიგო და ჩემი სხეულიც დასაწველად მივცე, თუ ამ დროს სიყვარული არ მაქვს, არაფერს მარგებს ეს ყველაფერი". ასეთ საოცარ სიტყვებს ამბობს იგი და დღეს ჩვენ ვევედროთ უფალს, რომ მოგვცეს ეს სიყვარული, რომ გაგვიძლიეროს ეს სიყვარული, რომ შევძლოთ ნამდვილი ქრისტიანული ცხოვრება, შევძლოთ იმ დიდი მისიის აღსრულება, რომელიც დაგვაკისრა ჩვენ სწორედ ამ სამოციქულო მემკვიდრეობამ, რომლის წევრნიც ჩვენ ვართ მათ მიერ აღსრულებულ ეკლესიაში. ეს იქნება ჩვენი პასუხი განსაკუთრებით დღევანდელ დღეს, როდესაც ვიხსენებთ წმინდა მოციქულებს.
მრავალს დაესწარით, ღმერთმა დაგლოცოთ.
მინდა, თქვენთან ერთად განსაკუთრებით მივულოცო სრულიად საქართველო კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს ეს დღე, ვინაიდან იგი ჭეშმარიტად გახლავთ სამოციქულო ღვაწლის დიდი გამგრძელებელი ჩვენს ქვეყანასა და ქრისტიანულ სამყაროში; ერთ-ერთი გამოვლინება მისი ამ საოცარი სამოციქულო ღვაწლისა, მრავალ სხვა დიდ ღვაწლთან და დამსახურებასთან ერთად, გახლავთ ის, რომ აი, ამ წმინდა ტაძარში მის მიერ ხელდასხმულია უკლებლივ ყველა მღვდელმთავარი, რომლებიც დღეს წმინდა სინოდში მოღვაწეობენ. ვუსურვოთ მას დღეგრძელობა, სულიერი და ფიზიკური ძალების განახლება და გაძლიერება.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და წმინდა მოციქულთა ლოცვით, წმინდა კვართისა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მადლით, ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ, ღმერთმა გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო, ამინ!
დღეს ჩვენ ვლოცავთ წმინდა მოციქულ სვიმონ კანანელის გზაზე მომლოცველ მორწმუნეებს, სასულიერო პირებსა და მრევლს:
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი),
დეკანოზი დავით კონჯარია,
ბერი სპირიდონი (ლაზარია),
ბერი დამიანე (დოლიძე),
ბერი ისიდორე (კარტოზია),
ბერი გიორგი (გერლიანი),
მორჩილი ამბროსი,
ამირან გურჩიანი.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.
ჩვენთან არს ღმერთი!" - ნათქვამია ქადაგებაში.