ავარიის შედეგად დაშავებული ბავშვი გარდაიცვალა

2022-07-08 15:37:18

ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 5 წლის ბიჭი გარდაიცვალა.

დაშავებული ბავშვი 10 დღის განმავლობაში სამედიცინო დაწესებულებაში იყო მოთავსებული, თუმცა, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმების გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მძიმე მდგომარეობაში მყოფი მცირეწლოვანი წუხელ გარდაიცვალა.

ავარია სოფლების, შრომა-კავშირის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე, 27 ივნისს მოხდა.

დაშავებული თავდაპირველად, ლაგოდეხის არქიმედეს კლინკაში გადაიყვანეს, თუმცა, მდგომარეობის სიმძიმის ან გამომდინარე, ექიმებმა მისი თბილისში მკურნალობის გადაწყვეტილება მიიღეს.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, თუმცა დამდგარი შედეგის მიხედვით, სამართალდამცავებს მუხლის გადაკვალიფიცირება მოუწევთ.