შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო აქციაზე 26 პირი დააკავა.
უწყების ცნობით, ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული, კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის მიმართ წინააღმდეგობა) მუხლებით.
დაკავებულებს შორის არიან ზურა მახარაძე, ბექა ვარდოსანიძე, ირაკლი მარტინენკო, ასევე გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები.
ცნობისთვის, მიუხედავად იმისა, რომ წელს "თბილისი პრაიდის" გადაწყვეტილებით, ღირსების მარში არ გაიმართა და კვირეულთან დაკავშირებული ღონისძიებები დახურულ ფორმატში დაანონსდა, აღნიშნული პირები მაინც იმუქრებოდნენ. ამის გამო, 27 ივნისს ზურა მახარაძე და კოკა მორგოშია პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს. იმავე დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ სამივე ღონისძიებაზე მონაწილეთა უსაფრთხოებას დაიცავენ.