ნინო ლაცაბიძე - რუსთავის ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების საკითხებზე სხვადასხვა ფორმატში შეხვედრებს მანამდე გავაგრძელებთ, სანამ კანონი არ აღსრულდება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში საწარმოების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მინისტრის მოადგილეები ნინო თანდილაშვილი და კახა კაკაბაძე, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების უწყვეტი ინსტრუმენტული თვითმონიტორინგის წარმოების ვალდებულების და ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის მოთხოვნების საკითხები განიხილეს. რუსთავის მერის, ნინო ლაცაბიძის განმარტებით, მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის კონტროლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსთავისთვის, სადაც დღემდე დგას ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების საკითხი "რუსთავის ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების საკითხებზე სხვადასხვა ფორმატში შეხვედრებს მანამდე გავაგრძელებთ, სანამ კანონი არ აღსრულდება", - განაცხადა რუსთავის მერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
"საწარმოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ დეტალურად განვმარტეთ, თუ როგორ უნდა მოხდეს ვალდებულებების შესრულება; ასევე, განვიხილეთ, რა ეტაპზეა თითოეული საწარმო აღნიშნული მიმართულებით, რაც უმნიშვნელოვანესია იმისათვის, რომ სამინისტრო დააკვირდეს, როგორ ასრულებენ საწარმოები ჰაერდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნებს. თითოეულ საწარმოს მიეცა შესაძლებლობა, წარმოადგინოს დეტალური გეგმა-გრაფიკი, რომლის საფუძველზეც მოახდენენ ახალი ვალდებულებების შესრულებას. აღებული ვალდებულებების დადგენილ ვადებში შეუსრულებლობის შემთხვევაში, სამინისტრო კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს გაატარებს", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა.
სამინისტროს ინიციატივით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, საწარმოებს ვალდებულება აქვთ, ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირდნენ და უწყვეტი თვითმონიტორინგი აწარმოონ. ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საწარმოებს ჯარიმის გადახდა მოუწევთ.
საწარმოებმა ათეული წლების განმავლობაში არსებული პრობლემების მოგვარება - თვითმონიტორინგის სისტემების დამონტაჟება და ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაცია გრაფიკის მიხედვით უკვე დაიწყეს.
ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.