"ტვ პირველის" დამფუძნებელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე, "ქართული ოცნების" დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
"აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე "ქართული ოცნების" დეპუტატები თავს დამესხნენ და ფიზიკურად გამისწორდნენ. აშშ-ის საელჩოს ეზოში მოწვეული იყო 200 ან 300 სტუმარი, შოკში ვარ, ასეთი რამ არ ვიცი. წარმოგიდგენიათ, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე ეს რომ ხდება, გარეთ რა ხდება?
მივმართავ კელი დეგნანს, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მოხდა ფიზიკური ანგარიშსწორება ადამიანის მიმართ, კონკრეტულად, ჩემ მიმართ, კეთილი ინებეთ და გაასაჯაროვეთ კადრები, მიეცით მედიას კადრები, როგორ უსწორდებიან "ქართული ოცნების" დეპუტატები ადამიანს. თქვენს ტერიტორიაზე კრიმინალი მოხდა", - განაცხადა წერეთელმა.
ვატო წერეთელი ასახელებს კონკრეტულ გვარებსაც და აცხადებს, რომ ანრი ოხანაშვილმა სახეში "ხელი მოუქნია".
"არ მაინტერესებს, რომ ისინი "ქართული ოცნების" დეპუტატები არიან, დღესვე გაასაჯაროვეთ კადრები! 200-მდე კამერა იქნებოდა მანდ, მე თვითონ დავაფიქსირე. უამრავი თვითმხილველი იყო. ოხანაშვილი დაიძრა ჩემკენ, მოყვა ზარქუა, ოდიშარია, მგალობლიშვილი. ოხანაშვილმა მომიჭირა ხელზე, დამიწყო გარჩევები... ოხანაშვილი რომ ქუჩურ გარჩევას დაგიწყებს, ხომ თავი უნდა მოიკლა, რაღაცებს მიყვიროდა, მერე ხელი მომიქნია სახეში. სანამ აზრზე მოვედი, მეორემ გამწია და მეორემ მომიქნია ხელი, ორივე სახეში მომხვდა. ეს ლაჩრები, ან თავმოყვარეობა არ აქვთ, აშშ-ის საელჩოში ამას რომ დგამენ, წარმოგიდგენიათ, ქვეყანას რას უშვრებიან?!", - განაცხადა წერეთელმა და დასძინა, რომ რამდენიმე მეტრში ელჩიც იმყოფებოდა.
მისი თქმით, საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი ინციდენტის გამო, მას ბოდიშებს პირადად უხდიდა.
"ელჩი პირადად ვნახე. ბოდიშებს იხდიდა, მაგრამ პირადად მოვთხოვე, რომ კადრები გაასაჯაროონ", - განაცხადა წერეთელმა.
"ქართული ოცნების" წევრი ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ "ტვ პირველის" დამფუძნებლის ვატო წერეთელის მხრიდან "უბინძურეს პროვოკაციას" ჰქონდა ადგილი და "მიიღო ის პასუხი, რასაც იმსახურებდა".
მისი თქმით, საუბარია "უბინძურეს პროვოკაციაზე, რომელსაც ვერცერთი ქართველი ვერ აიტანს და ამას მოჰყვა მცირე შეხლა-შემოხლა".
"უბინძურეს პროვოკაციას ჰქონდა ადგილი, უბინძურესს, წერეთლის მხრიდან. მიღებაზე ყოფნის დროს მოვიდა, მთხოვა, ორი სიტყვით რაღაცის თქმა სურდა, უბინძურესი პროვოკაცია მოაწყო... ხომ წარმოგიდგენიათ, რაზეა საუბარი?! სწრაფი ნაბიჯით გაიქცა. მინდოდა მეკითხა, რატომ იკადრა ასეთი რაღაცა, რაზეც გააგრძელა პროვოკაცია, შემდგომ, რა თქმა უნდა, პასუხი გავეცი და მიიღო ის პასუხი, რომელსაც ის იმსახურებდა.
საუბარია უბინძურეს პროვოკაციაზე, რომელსაც ვერცერთი ქართველი ვერ აიტანს და ამას მოჰყვა მცირე შეხლა-შემოხლა, ეს იყო და ეს. კამერები, წესით, უნდა იყოს ყველგან და იმედი მაქვს, რომ აბსოლუტურად ყველაფერი ასახულია კამერაზე", - ამბობს ოხანაშვილი.
მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოში აშშ-ის საელჩომ.
მათი ცნობით, საელჩოს ტერიტორიაზე დაპირისპირების შესახებ მათთვის ცნობილია და ინფორმაციას სწავლობენ.
"აშშ-ის საელჩოსთვის ცნობილია ინფორმაცია ჩვენი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისას საელჩოს ტერიტორიაზე დაპირისპირების შესახებ. ჩვენ ვსწავლობთ ამ ინფორმაციას", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.