რუსთავის საკრებულოში ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატს, ვაჟა მორგოშიას სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიება არ შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილმა მიიღო.
სახელმწიფო ბრალდებამ ვაჟა მორგოშიასთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით 3000-ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
მოსამართლემ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია, რომლის მიხედვითაც, პროკურატურამ აღნიშნული შუამდგომლობა მაღალი სტანდარტით ვერ დაასაბუთა და მორგოშია აღმკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვა.
საკრებულოს ენმ-ის დეპუტატს პროკურატურამ ბრალი 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც ფიზიკურ ძალდობას ითვალისწინებს. ვაჟა მორგოშია წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.