ბავშვი და კონდიციონერი

2022-06-28 13:32:14

ცხელი ზაფხულის პირობებში ყველა ეძებს გაგრილების გზებს. ხელოვნური გაგრილების საუკეთესო საშუალება კონდიციონერის გამოყენებაა, თუმცა თუ შინ პატარა გყავთ, პედიატრები განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოგიწოდებენ და ამ მოწყობილობის აუცილებლად სწორად გამოყენებას გირჩევენ.

როგორ უნდა გავგრილდეთ ისე, რომ ეს ბავშვებისთვის საშიში არ იყოს და რამდენად მავნებელი შეიძლება აღმოჩნდეს კონდიციონერი პატარებისთვის?

ამის შესახებ "ინფო რუსთავი" პედიატრ ნინო კიკილაშვილს ესაუბრა.

პედიატრის თქმით, მთავარია, რომ ოთახში არ ციოდეს.

"სასურველი არ არის, რომ იმ ოთახში, სადაც ბავშვია, კონდიციონერი იყოს ჩართული ძალიან დაბალ ტემპერატურაზე. ტემპერატურა 18-20 გრადუსზე ნაკლები არ უნდა იყოს.

ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კონდიცირება მიმართული არ იყოს პირდაპირ ბავშვისკენ, უნდა მუშაობდეს დაბალ ფრთაზე და თუ შესაძლებელია ასე გაგრილებაც, სასურველია, გვერდით ოთახში განთავსდეს.

იმ შემთხვევაში, თუ ეს ნორმები სწორად არ იქნა დაცული, ამან შეიძლება გამოიწვიოს ბავშვებში ვირუსული ინფექციის გააქტიურება", - ამბობს ნინო კიკილაშვილი.

ამასთანავე, გავრცელებულია აზრი, რომ კონდიციონერი ბაქტერიებს ამრავლებს. ამის დაზღვევის საუკეთესო საშუალება ფილტრების დროულად გამოცვლა და ექსპლუატაციის წესების დაცვაა. სწორად გამოყენების შემთხვევაში კი კონდიციონერი თქვენ და თქვენს შვილებს ზაფხული პაპანაქებას იოლად და ჯანმრთელობის დაუზიანებლად გადაგატანინებთ.