რუსთავში, დავით გარეჯის N21 ბ-ში მცხოვებლები დახმარებას ითხოვენ.
ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, 9 წელია გაუმართავი საკანალიზაციო სისტემის პრობლემა აქვთ. ამ დროის განმავლობაში მერიაში წერილებს წერდნენ, თუმცა პრობლემა არ მოგვარებულა.
ადგილობრივის, იმედა კვიჟინაძის თქმით, უყურადღებობის მიზეზი მათი პოლიტიკური შეხედულებებია. მისი ცნობით, ამ კორპუსში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლები ცხოვრობენ, რის გამოც საკანალიზაციო სისტემის პრობლემის მოგვარება არ ხდება.
მოსახლეობის განცხადებით, გაუმართავ კანალიზაციასთან ერთად, პრობლემურია სანიაღვრე არხები. ყოველი წვიმის დროს ჭაში წყალი გროვდება, მიწის ზედაპირზე ამოდის და კორპუსის სარდაფები იტბორება.
"2015, 2016 წლებში მიმართვიანობა გვაქვს, ბინის თავმჯდომარისა და ხალხის ხელმოწერით და ვითხოვდით პრობლემის მოგვარებას. თუ არ იწმინდება, სისტემა მაინც გამოგვიცვალეთ თქო. ლესელიძეზე სანიაღვრე სისტემა, ჭა, ყველაფერი გამოიცვლა, ერთი წლის შეტანილი განცხადებით. ჩვენ წლებია ვითხოვთ.
აქ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველი ვართ და პოლიტიკური ნიშნით განწირული ხალხი ვართ, ამიტომ არ კეთდება. წვიმა როგორც კი მოდის, სარდაფები ივსება წყლით, ეზოში ამოდის ფეკალიები.
ასეთი მოთხოვნა მაქვს, თუ არ იწმინდება და არ აქვს საშველი, ამოჭრან და ახალი მილები ჩაყარონ. არა მარტო წვიმის დროს, ისედაც იჭედება საკანალიზაციო სისტემა. რამდენი განცხადება გვაქვს დაწერილი",- განუცხადა "ინფო რუსთავს" იმედა კვიჟინაძემ.
მისივე თქმით, წლების წინ, როცა მუნიციპალიტეტმა პრობლემის მოსაგვარებლად არაფერი გააკეთა, მიწის ქვეშ დამარხული ჭები საკუთარი სახსრებით გაწმინდა, სწორედ ამიტომ საკანალიზაციო სისტემის განახლებასთან ერთად ფინანსური ზარალის ანაზღაურებასაც ითხოვს.
"ინფო რუსთავი" დაუკავშირდა ააიპ რუსთავის კორპუსს, სადაც აცხადებენ, რომ: "გარეჯის 21 ბ ში ,,რუსთავის კორპუსმა" ერთი თვის წინ მთლიანად შეცვალა წყლის მილები სარდაფებში. პრობლემურია გარე საკანალიზაციო ქსელი, რუსთავის წყალი საქმის კურსში გვყავს ჩაყენებული, მობინადრეებიც იყვნენ მისულები ,,რუსთავის წყალში" და შეჰპირდნენ, რომ მოაგვარებენ ამ პრობლემას".
რუსთავის წყალში აცხადებენ, რომ დაზიანებული მონაკვეთის აღსადგენად ადგილზე მოსამზადებელი სამუშაოებია დაწყებული.
"ქ. რუსთავში, ბალანჩივაძის ქუჩა #21ა-ს მიმდებარედ, კომპანია რუსთავის წყლის წყალარინების ქსელი დაზიანდა. ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია კომპანიის სამუშაო ჯგუფი და ქსელის დაზიანებული მონაკვეთის აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაობი მიმდინარეობს. მოსახლეიბისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით აუცილებელი ტექნიკური სამუშაობი ღამის საათებსი ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება. კომპანია რუსთავის წყალი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის",- აცხადებენ კომპანიაში.