ევროპის მოედანზე პრეზიდენტის ორგანიზებით ევროპული კურსის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
ევროინტეგრაციის მხარდამჭერ შეკრებაზე დარიგდა ევროკავშირის, საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას დროშები, ასევე ბუშტები საქართველოსა და ევროკავშირის დროშების გამოსახულებით.
აქციას დაესწრო ზოგიერთი პარტიის წარმომადგენელიც, პოლიტიკური სპექტრის გარკვეული ნაწილი კი აღნიშნულ შეკრებას არ შეუერთდა.
დღეს მე აქ არ ვარ პრეზიდენტი, მე ვარ ერთი მოქალაქე, რომელსაც გული შესტკივა ამ ქვეყანაზე და რომელსაც სჯერა, სწამს, რომ ამ ქვეყანას [ევროპის გარდა] სხვა მომავალი არ აქვს, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს პერსპექტივა მხოლოდ ევროპაშია.
"დღეს მთავარი გზავნილია, რომ ჩვენ აქ ვართ მოსული მოუმზადებლად, არაორგანიზებულად, ეს არის ჩემი მიზანი და ჩემი არჩევანი, რომ აქ არ ყოფილიყო ის, რასაც მიჩვეულები ხართ ანუ რაღაც პარტიული შეხვედრები. აქ არიან მოქალაქეები, ვისაც სურვილი ჰქონდა, რომ დღეს გამოეხატა - ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ბედი და პერსპექტივა ერთადერთი არის ევროპაში. ამის ჩვენება გვინდოდა ერთმანეთისთვის წყნარად. სამწუხაროდ, ახლა დიდად ვერ ვაჩვენებთ, რომ ჩვენ ევროპელები ვართ და ევროპისკენ მივდივართ. ეს არეულობა აქციაზე ცოტა არ იყოს უხერხულიცაა. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა არის მოსული თავისუფლად, არავის აქვს სხვაზე მეტი უფლება. სხვათაშორის, აქ თქვენთვის შეიძლება მნიშვნელოვანიც იყოს, რომ ჩვეულებრივ რიგით მოქალაქეებს ჰკითხოთ, რატომ არიან მოსულები, რომ ეს არის მათი გამოხატულება და არა ჩემი. მე ვარ ერთი რიგითი მოქალაქე, მე აქ არ ვარ პრეზიდენტი. ძალიან ხშირად, ხან ერთ მხარეს, ხან მეორე მხარეს ავიწყდება, რომ პრეზიდენტი ვარ ან არ უნდა აღიაროს, რომ პრეზიდენტი ვარ. დღეს მე აქ არ ვარ პრეზიდენტი, მე ვარ ერთი მოქალაქე, რომელსაც გული შესტკივა ამ ქვეყანაზე და რომელსაც სჯერა, სწამს, რომ ამ ქვეყანას სხვა მომავალი არ აქვს. მე სანამ შევძლებ, სადაც ვარ იმ ადგილიდან, შემდგომ სხვა ადგილიდანაც თუ საჭირო გახდა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს პერსპექტივა განხორციელდეს. არაფერს ველოდებოდი ამ აქციისგან, ვთქვი გარკვევით, ეს არ არის შეკრება პოლიტიკური პარტიებისთვის, ეს არის თავისუფალი ადამიანების შეკრება, იმისთვის, რომ ჩვენ ვთქვათ როგორი მომავალი გვინდა ჩვენი შვილებისთვის", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ჟურნალისტების კითხვაზე, შეუერთდება თუ არა პრეზიდენტი 20 ივნისს დაანონსებულ აქციას, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ "სადაც არის პოლიტიკური მოწოდებები და ორგანიზაციები პრეზიდენტი ვერ წავა ერთზე და არა მეორეზე და მესამეზე".
"მე არ დავდივარ პოლიტიკურ შეხვედრებზე", - აღნიშნა მან.