შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს და კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და კახეთში 3 პირი დააკავეს. [ვიდეო/video]
1976 წელს დაბადებულ, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევ ქ.ხ.-ს ბრალი ედება ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვაში, ხოლო წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი პირები - 1987 წელს დაბადებული გ.ბ. და 1975 წელს დაბადებული თ.ღ. ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის და ძალადობის ბრალდებით არიან დაკავებული.
დანაშაულები 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მოქალაქე ე.ბ.-ს, ძალადობის გამოყენების მუქარით, 4000 ლარი მოსთხოვეს. გ.ბ. და თ.ღ. კონკრეტულ ვადაში თანხის გადაუხდელობის მოტივით დაზარალებულს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ და სხეულზე დაზიანებები მიაყენეს. შემდგომი ძალადობის თავიდან აცილების მიზნით, ე.ბ.-მ მოთხოვნილი თანხა ბრალდებულებს გადასცა.
სამართალდამცველებმა სამივე პირი თბილისსა და კახეთში ერთდროულად ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად დააკავეს. პოლიციამ გ.ბ.-ის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის ჩხრეკისას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, 2 მჭიდი და 18 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო. ქ.ხ.-ს და თ.ღ.-ს პირადი ჩხრეკისას კი ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვას და ძალადობას გულისხმობს.