რუსთავში წელს საზაფხულო ბაგა-ბაღები გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" მუნიციპალიტეტის მერიის ბაგა-ბაღების გაერთიანებიდან მიაწოდეს.
როგორც გაერთიანების ხელმძღვანელმა, ეკა ხუციშვილმა საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა, ზაფხულის ბაღები რუსთავში წელს პირველად იფუნქციონირებს.
ბავშვებს მე-6, მე-10 და 34-ე სააღმზრდელო დაწესებულებები მიიღებენ.
"ჩვენ გასულ წლებშიც ვმუშაობდით ამაზე, თუმცა პანდემიამ ხელი შეგვიშალა. ახლა შემსუბუქდა პანდემიური რეჟიმი და ამიტომაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რადგანაც დგას ზაფხულის ბაღის საჭიროება, გავხსნათ. თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ საზაფხულო ბაღი მუშაობას აგრძელებს მხოლოდ რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში ჩარიცხული აღსაზრდელებისთვის.
ამ 3 ბაღს სტატისტიკური მონაცამების საფუძველზე ვხსნით, რომ ყოფილიყო მეტი მსურველი, კიდევ დავამატებდით, თუმცა აღსაზრდელების მშობლებთან გავაკეთეთ სტატისტიკური კვლევა და გამოიკვეთა, რომ მხოლოდ იმ რაოდენობის ბავშვებს სურთ სიარული, რა რაოდენობაც თავისუფლად განთავსდება 3 ბაღში", - განაცხადა ეკა ხუციშვილმა.
რუსთავში საზაფხულო ბაღების გახსნა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ნინო ლაცაბიძისა და მისი გუნდის ერთ-ერთი დაპირება იყო.