როგორ შეფასდებიან ბევრი გაცდენის მქონე მოსწავლეები

2022-06-02 12:50:47

"ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში ცვლილება შევიდა. როგორც მიხეილ ჩხენკელის ხელმოწერილ, 1-ელ მაისს გამოქვეყნებულ ბრძანებაში ვკითხულობთ, სხვადასხვა მიზეზების გამო დაგროვებული გაცდენების მქონე მოსწავლეები, გასული წლებისგან განსხვავებით, სხვაგვარად შეფასდებიან და გაცდენის ექსტერნი გამოცდები ისევ არ ჩატარდება.

კერძოდ, დადგინდა შემდეგი გარემოებები და სკოლებს დაეკისრათ ვალდებულებაც:

2021-2022 სასწავლო წელს, იმ მოსწავლეებისთვის, რომელთაც დადასტურებული კოვიდის ინფექციის გამო, დათქმულ ვადაში ვერ მოახერხეს პირველი სემესტრის სემესტრულ გამოცდაზე გასვლა, სკოლა ვალდებულია პირველი სემესტრის სემესტრული გამოცდა დანიშნოს 2022 წლის 17 ივნისამდე არაუგვიანეს 2 კვირით ადრე.

ასევე, წლის განმავლობაში საბაზო-საშუალო საფეხურის (მე-7-მე-12 კლასების) მოსწავლეების მიერ კონკრეტრული საგნისთვის წლის მანძილზე დათმობილი საათების 30%-ის და მეტის გაცდენის გამო, 2021-2022 სასწავლო წელს, საბაზო და საშუალო საფეხურის ის მოსწავლეები, რომელთაც სასწავლო წლის განმავლობაში გააცდინეს 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირობებით განსაზღვრული საათების რაოდენობა, შეფასდებიან შემაჯამებელი/კომპლექსური დავალების საფუძველზე. სკოლა ვალდებულია, მოსწავლეებს წინასწარ გააცნოს შემაჯამებელი/კომპლექსური დავალება და ჩაუტაროს კონსულტაციები საჭიროებისამებრ. შემაჯამებელ/კომპლექსურ დავალებაში მიღებული ქულა იქნება საგნის წლიური ქულა.

"2021-2022 სასწავლო წელს სსსმ მოსწავლის მიმართ მოქმედებს განსაზღვრული პირობები. სსსმ მოსწავლეებისათვის შემაჯამებელი-კომპლექსური დავალება უნდა შედგეს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის გათვალისწინებით", – ვკითხულობთ მიხეილ ჩხენკელის ბრძანებაში.


წყარო: edu.aris.ge