რუსთავის მე-7 მოწვევის საკრებულოში ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები სატელეფონო ლიმიტებზე, გამოყოფილ საწვავსა და საავტომობილო მომსახურებაზე უარს ამბობენ.
ამის შესახებ ენმ-ის ლიდერმა დავით კირკიტაძემ გააკეთა განცხადება.
მისი თქმით, აღნიშნული თანხით, რომელიც ამ პრივილეგიებისთვის არის გამოყოფილი, რუსთაველ გაჭირვებულ მოქალაქეებს კომუნალური გადასახადების გადახდაში დაეხმარებიან.
"ჩვენს ქვეყანაში ძალიან გაუჭირდათ მოქალაქეებს, იმის გამო რომ ხელისუფლება და მისი ჩინოვნიკები აწარმოებენ უგუნურ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია ხალხის გაღარიბებაზე...
რუსთავის საკრებულოში უმრავლესობას წარმოადგენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, შესაბამისად, გუშინ დასრულდა პირველი ეტაპი და ძირითად თანამდებობებზე აირჩიეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები. ამის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რუსთავის საკრებულოში ნაციონალური მოძრაობისთვის და საკრებულოს თანამდებობის პირებისთვის, რომლებსაც ნაციონალური მოძრაობა წარმოადგენს, გამოყოფილი ყველა პრივილეგიაზე, იქნება ეს ტელეფონის ლიმიტი, საწვავი თუ ავტომობილი, ამაზე ნაციონალური მოძრაობა ამბობს უარს. ეს არ არის პოპულიზმი, ეს არის კონკრეტული თანხა და რუსთავის პირობებში არც ისე მცირე, ჩვენი გადაწყვეტილებით ეს თანხა მიემართოს გაჭირვებული მოქალაქეების ფონდში, რომელიც დაეხმარება მათ, რომ გადაიხადონ ისედაც გაძვირებული გაზის, ელექტრო ენერგიისა, წყლისა და დასუფთავების საფასური",- განაცხადა კირკიტაძემ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის განცხადებით, საუბარია დაახლოებით 500 000 მილიონ ლარზე.
კირკიტაძე მერიაში სხვადასხვა თანამდებობებზე დასაქმებულ პირებს მოუწოდა, მათაც უარი თქვა არსებულ პრივილეგიებზე.