მონიტორინგი საწარმო "ჯეოსთილში" [video]

2022-02-03 18:08:53

გარემოსდაცვითი კანონპროექტის აღსრულების მიზნით, რუსთავის საწარმოებში მონიტორინგის პროცესი გრძელდება. ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამჯერად "ჯეოსთილი" მოინაულეს. [ვიდეო/video]

საწარმოში ფილტრაციისა და თვითმონიტორინგის სისტემები დამონტაჟებულია, რომელიც კომპანიის წარმომადგენლების თქმით, წლებია იხვეწება და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოდის, თუმცა "ინფო რუსთავს" მოქალაქემ გაუგზავნა დღეს, 3 თებერვალს გადაღებული ვიდეო, სადაც ასახულია "ჯეოსთილიდან" ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის პროცესი. საწარმოს ტერიტორიაზე ყოფნისას აღნიშნული ვიდეომასალა ვაჩვენეთ როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებს, ისე "ჯეოსთილის" ხელმძღვანელობასაც.

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ განაცხადა, რომ გაუმჯობესებები არის, თუმცა ეს საკმარისი არაა.

"არის გარკვეული წინსვლა და მნიშვნელოვანი ცვლილებები საწარმოო პროცესში, თუმცა ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს იმისთვის, რომ საბოლოოდ მივიღოთ ის შედეგი, რის გამოც საკანონმდებლო ინიციატივა იყო შეტანილი პარლამენტში. ორი გაფრქვევის მილია, რომელზეც უკვე დამონტაჟებულია როგორც ფილტრაციის სისტემა, ასევე თვითმონიტორინგის აპარატი. მიდის პროცესი სამინისტროსთან, რომ რაც შეიძლება სწრაფად ეს იყოს ინტეგრირებული და სამინისტროსთან ჰქონდეს ბმა.

კიდევ ერთხელ ვამბობ, არის გაუმჯობესება, თუმცა ეს არაა საკმარისი და ჩვენი მხრიდან კიდევ იქნება განმეორებითი შეხვედრები, რომ მივიღოთ ქალაქში უკეთესი ეკოლოგიური მდგომარეობა", - განაცხადა ლაცაბიძემ.

საქართველოს პარლამენტში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეს, მაია ბითაძეს ვკითხეთ, ხომ არაა შესაძლებელი, კომპანია პერიოდულად ფილტრაციის სისტემას თიშავდეს, რის საპასუხოდაც ბითაძემ განაცხადა, რომ ეს მალე სრულად გამორიცხული იქნება.

"მოედანზე საწარმოო ციკლი აშკარად ბევრად გამართულია, ვიდრე ეს იყო რამდენიმე წლის წინ. ტენდენცია შეიმჩნევა, რომ არის გამოსწორებისკენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. იმ კონკრეტულ ვიდეოს, რაც ვნახეთ და შეეხება ჯართვის არასწორი მართვის საკითხს, შეხვედრაზე ეს საკითხი დაისმევა და აუცილებლად გაკონტროლდება.

ყველაზე კარგი, რაც აქვს ავტომატური მონიტორინგის სისტემას, ჯერ არ არის დაერთებული ცენტრალური მონიტორინგის სისტემაზე, შესაბამისად მისი გათიშვა შემდეგ ასეთი მარტივი არ იქნება", - აცხადებს ბითაძე.

აღნინულ ვიდეომაალაე კომენტარი გააკეთა "ჯეოსთილის" წარმომადგენლმა, საჯივ ბალაკრიშნამაც. მისი თქმით, ჯართის ჭრისას გარკვეულ მომენტებში გამოიყოფა გამონაბოლქვი და ეს ხშირი არაა.

"როდესაც ვსაუბრობთ გაუმჯობესებებზე, პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი კომპანია რუსთავში, რომელმაც წარმოება ჰაერის დაბინძურების მაკონტროლებელი და მტვრის შემგროვებელი მოწყობილობით დაიწყო. 2009-ში გვქონდა ეს მოწყობილობა.

მეორე, მაშინ ჩვენ 2 100 000 ამერიკული დოლარი დავხარჯეთ, რომ ეს სისტემა შეგვეძინა. მას შემდეგ ყოველწლიურად ვხარჯავდით 1 200 000 დოლარს გაუმჯობესებისთვის და ინვესტიციას ვდებდით სისტემის ცვლილებებში. სწორედ ამის შესახებ გავმართეთ პრეზენტაციაც.

ასევე ევროპიდან გვყავდა გერმანელი და იტალიელი კონსულტანტები, რომლებმაც გვირჩიეს, რომ უფრო მეტი გაუმჯობესებითვის დაგვემონტაჟებინა გამაძლიერებელი ვენტილატორი, რომელიც დამატებით ასი ათასი ამერიკული დოლარი დაგვიჯდა.

2009 წელს ამ სისტემისთვის დავხარჯეთ 2 100 000, ხოლო შემდეგ წლებში დამატებით 15 000 000 დოლარი დავხარჯეთ.

ჯართის ჭრის დროს არის მომენტები, როდესაც გამოიყოფა რაღაც რაოდენობის კვამლი, ეს არ ხდება ყოველდღიურად. თუ ვინმე ასეთ დროს კამერას დაიჭერს და გადაიღებს, ეს შემთხვევაც დაფიქსირდება.

ეს არ ხდება ყოველდღიურად, თუმცა ჩვენ ვნახავთ რა შეიძლება ასეთი შემთხვევების შემცირებისთვისაც გაკეთდეს", - განაცადა საჯივ ბალაკრიშნამ.



ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები